სტოლტენბერგი სი ძინპინის და ზელენსკის საუბარზე: მივესალმები, თუმცა ეს არ ცვლის ფაქტს, რომ ჩინეთმა ვერ დაგმო რუსეთის შეჭრა უკრაინაში

ხედავს თუ არა ჩინეთს შუამავლად სამშვიდობო მოლაპარაკებებში, მედიის ამ შეკითხვას უპასუხა NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა 27 აპრილს.

სტოლტენბერგის შეფასებით, უკრაინის გადასაწყვეტია, რა პირობები უნდა არსებობდეს მოლაპარაკებებისთვის და რა ფორმატში უნდა წარიმართოს ეს მოლაპარაკება.

ამასთან, სტოლტენბერგი მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ დიალოგის მაგიდასთან უკრაინის პოზიციების გაძლიერებისთვის, კიევის სამხედრო დახმარება კრიტიკულად მნიშვნელოვანია. მისივე შეფასებით, მოლაპარაკების ალბათობა მოითხოვს სწორედ რომ უკრაინას ჰქონდეს აუცილებელი სამხედრო ძალა. ამან კი, პრეზიდენტ პუტინს ძალიან მკაფიო გზავნილი უნდა გაუგზავნოს, რომ კიევი გაიმარჯვებს ბრძოლის ველზე.

„ამდენად, შესაძლოა, ეს ომი მოლაპარაკების მაგიდასთან დასრულდეს“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.


„თუ ჩვენ გვსურს მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით გადაწყვეტა, სადაც უკრაინა ლიდერობს, როგორც სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფო, იქამდე მისვლის საუკეთესო გზაა უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის უზრუნველყოფა ზუსტად ისე, როგორც ამას NATO-ს მოკავშირეები აკეთებენ. მივესალმები პრეზიდენტ ზელენსკის და პრეზიდენტ სი ძინპინს შორის გამართულ სატელეფონო ზარს.

ვფიქრობ, ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩინეთმა უკეთესად აღიქვას უკრაინის პერსპექტივები. ეს არ ცვლის იმ ფაქტს, რომ ჩინეთმა ვერ დაგმო რუსეთის უკანონო ომი, უკრაინაში უკანონო შეჭრა და  NATO-ს მოკავშირეებმა გამოხატეს მტკიცე მხარდაჭერა პრეზიდენტ ზელენსკის სამშვიდობო გეგმის მიმართ, რომელიც, რა თქმა უნდა, მოიცავს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის სრულ პატივისცემას“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.


უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 26 აპრილს განმარტა, რა საკითხები განიხილა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან გამართული სატელეფონო საუბრის დროს.

მისი თქმით, ერთსაათიანი საუბრის დროს ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხების მთელი კომპლექსი განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება კი, უკრაინისთვის სამართლიანი და მყარი მშვიდობის დამყარებისთვის შესაძლო ურთიერთქმედების გზებს დაეთმო.

„უკრაინელ ერზე მეტად მშვიდობა არავის არ სურს. ჩვენ მიწაზე ვართ და ჩვენი მომავლისთვის ვიბრძვით, თავდაცვის განუყოფელ უფლებას ვიყენებთ. მშვიდობა სამართლიანი და მყარი უნდა იყოს, საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და გაეროს ქარტიას უნდა ეყრდნობოდეს.

არანაირი მშვიდობა არ შეიძლება, იყოს ტერიტორიული კომპრომისების ხარჯზე. უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა 1991 წლის საზღვრებში უნდა აღდგეს”, - წერია უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინულ-ჩინური პარტნიორობის გამყარების გზებიც განიხილეს, ვინაიდან რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებამდე ჩინეთი უკრაინის მთავარი სავაჭრო პარტნიორი იყო.


ჩინეთს არ შეიძლება, ვენდობოდეთ როგორც რაიმე შუამავალს რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმების კუთხით, რადგან პეკინი ამ ომით სარგებლობს, განაცხადა ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა 25 აპრილს Politico-სთან ინტერვიუში.

პაველის შეფასებით, ჩინეთი მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს. მისივე თანახმად, „ჩინეთის ინტერესშია სტატუს კვოს გახანგრძლივება, რადგან მას შეუძლია, რუსეთს უამრავი დათმობისკენ უბიძგოს.

პეკინი მოსკოვიდან იაფ ნავთობს, გაზს და სხვა რესურსებს იღებს, შესაბამისად, პაველი არ ფირობს, რომ „ჩინეთს აქვს რეალური ინტერესი, გადაჭრას ეს კონფლიქტი მოკლე დროში“.

ინფორმაციისთვის, ჩინეთს საკუთარი 12 პუნქტიანი წინადადებები აქვს უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით, თუმცა ხსენებულმა „პაკეტმა“ ვერც დასავლეთის და ვერც უკრაინის თვალში ნდობა ვერ მოიპოვა, რადგან მასში არ არის განხილული, რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის დატოვება, როგორც ომის დასრულების გზა. უკრაინა და მისი პარტნიორები სწორედ ამ გზას მიიჩნევენ ოპტიმალურად.