NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილემ უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევების საკითხებში ჯეიმს აპატურაიმ ეკონომიკის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ხაზი გაუსვა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს და აღნიშნა, რომ მისი განხორციელება მნიშვნელოვანია არამხოლოდ საქართველოს, არამედ, სამხრეთ კავკასიის განვითარებისთვის.
აპატურაიმ განაცხადა, რომ საქართველოს აქვს დიდი ენერგეტიკული პოტენციალი და მისი რესურსები იძლევა დადგმული სიმძლავრეების ზრდის საშუალებას, რაც ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის არსებითად მნიშვნელოვანია.
მან მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს ენერგეტიკული დარგის მიმართ და აღნიშნა, რომ მუდმივად მზადაა, საკუთარი რესურსებისა და კომპეტენციის ფარგლებში ხელი შეუწყოს ამ მნიშვნელოვანი მიმართულების განვითარებას საქართველოში.
უსაფრთხოების გამოწვევების საკითხებში NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილემ ჯეიმს აპატურაიმ საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ოფიციალური შეხვედრები დღეს დაიწყო.
2022 წლის 17 დეკემბერს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოს, რუმინეთის და უნგრეთის მთავრობებს შორის ხელი მოეწერა სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმებას, მწვანე ენერგიის განვითარების და გადაცემის შესახებ. შეთანხმების ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს სწორედ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი წარმოადგენდა - განხორციელების შემთხვევაში ის ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგეტიკის სექტორის განვითარებას, გაზრდის სატრანზიტო შესაძლებლობებს და ორმხრივი ვაჭრობის პოტენციალს ევროკავშირსა და სამხრეთს კავკასიის რეგიონს შორის, რაც თავის მხრივ, რეგიონების სტაბილურ და საიმედო ენერგეტიკულ მომავალს უზრუნველყოფს.