„შემიძლია სრულიად ნათლად და დარწმუნებით ვთქვა, რომ NATO-ს დღის წესრიგში საქართველო ყოველდღიურად ძალიან მაღლა დგას - საბჭოს დონეზე ყველა შეხვედრაზე, როდესაც ჩართულობაზე ვსაუბრობთ, მათ შორის მეზობლებზე რუსეთის ცუდი გავლენის კონტექსტში“, - განაცხადა NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილემ უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევების საკითხებში, ჯეიმ აპატურაიმ მედიასთან შეხვედრაზე 3 მაისს.
უკვე გადავწყვიტეთ, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა გავზარდოთ, ამას ვაკეთებთ. ვიცი, რომ მიმდინარეობს საუბარი, ამ გაძლიერებული თანამშრომლობის პროგრამას მეტი ხორცი შეესხას“, - ამბობს ჯეიმს აპატურაი.
როგორი პოლიტიკური ენა იქნება ვილნიუსის სამიტზე, რომელიც ღია კარის პოლიტიკას შეეხება, ჯეიმს აპატურაი ამბობს, რომ ეს „გულწრფელად არ იცის“, თუმცა ნათელია, ბუქარესტის სამიტის პირობა, რომ საქართველო NATO-ს წევრი გახდება.
„დოკუმენტის წინასწარი ვარიანტიც არ არის წარდგენილი, მაგრამ ნათელია, ბუქარესტის სამიტის პირობა, რომ საქართველო NATO-ს წევრი გახდება, რჩება და ამის არანაირ ცვლილებას არ ველი. ამდენად, დაველოდოთ და ვნახოთ, როგორი ენა იქნება”, - განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.
აქვთ თუ არა NATO-ში კითხვის ნიშნები საქართველოს მიერ უკრაინისთვის გაწეულ დახმარებასთან დაკავშირებით და ჰქონდა თუ არა აღნიშნულ საკითხზე საუბარი ქართველ მაღალჩინოსნებთან შეხვედრისას. აპატურაიმ მედიის ამ შეკითხვასაც უპასუხა. მისი შეფასებით, ყურადღება უნდა გამახვილდეს და გაგებული უნდა იყოს ის რთული ვითარება, რომელშიც საქართველო არის და საჭიროება, რომ ვითარება არ გაუარესდეს ქართველებისთვის, მაგრამ, ასევე, მნიშვნელოვანია, რომ „ჩვენ გავუწიოთ უკრაინას მაქსიმალური მხარდაჭერა, მაშინაც კი, როდესაც ეს არის გამოწვევებით სავსე და რთული რუსეთთან ურთიერთობის კუთხით“.
„ჩვენ განვიხილეთ მხარდაჭერა, რომელსაც საქართველო უწევს უკრაინას და უკრაინელებს. პარლამენტში დელეგაციამ, რომელსაც მე შევხვდი, ჩამოგვითვალა ბევრი ის ნაბიჯი, რომელსაც საქართველო დგამს უკრაინის დასახმარებლად, მათ შორის, პოლიტიკურად. ამ კონტექსტში საუბარია, მაგალითად, ყველა პოლიტიკურ დეკლარაციაზე, მათ შორის, ზოგიერთი მათგანის თანადაფინანსებაზე.
ჩვენ ვაღიარებთ, რომ საქართველო არის უნიკალურ და რთულ ვითარებაში, განსაკუთრებით იმ პირობებში, რომ რუსული ჯარები არც თუ ისე შორსაა საქართველოს დედაქალაქიდან. საგულისხმოა რუსეთის დამაშინებელი პოზიცია, როცა საქმე ეხება ღია კარის პოლიტიკასა და საქართველოს მისწრაფებას, შეუერთდეს NATO-ს. ცალსახად ვაღიარებთ პოზიციის სენსიტიურობას, რომელშიც საქართველო ხედავს საკუთარ თავს.
მისივე თქმით, პოლიტიკური პოლარიზაცია ზოგიერთ არსებითი მნიშვნელობის რეფორმას აფერხებს, რაც შეშფოთების მიზეზია.
„საბოლოო ჯამში საქართველო NATO-ს წევრი გახდება. ეს მოკავშირეების გადაწყვეტილება იყო. მანამდე, სრულიად სიმართლეა, რომ საქართველო ერთ-ერთი ყველაზე ახლო ქვეყანაა ალიანსისთვის. ვფიქრობ, ჯერ კიდევ სიმართლეა, რომ NATO-ს ფარგლებს გარეთ ქვეყანა არ არსებობს, რომელშიც NATO-ს წარმომადგენლობა, ფიზიკური წარმომადგენლობა, უფრო ძლიერია, ვიდრე საქართველოში. პოლიტიკურ დონეზე არ მგონია, NATO-ს რომელიმე სხვა ქვეყანასთან უფრო ღრმა პრაქტიკული თანამშრომლობა ჰქონდეს.
სიმართლეა, რომ მოკავშირეებს საქართველოში ნათელი რეფორმების განხოციელების ნახვა სურთ, ჩვენ ჩამოვთვალეთ ეს რეფორმები. მოკავშირეებს სჭირდებათ, რომ პოლიტიკური პოლარიზაციის მხრივ გაუმჯობესება ნახონ, მათ შორის იმიტომ, რომ იგი ზოგიერთ არსებითი მნიშვნელობის რეფორმას აფერხებს. ასე რომ, ვფიქრობ, ეს შეშფოთების მთავარი მიზეზია, მაგრამ გაცილებით მეტი რამ არსებობს რისი გაკეთებაც ერთად შეგვიძლია უსაფრთხოების მხრივ ვითარების ცვლილების პარალელურად”, - განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.
ასევე წაიკითხეთ: უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ თანამოაზრე დემოკრატიებმა ერთად იმუშაონ და ეს ასევე ნიშნავს ერთობლივ წვრთნებსაც - აპატურაი