"აშშ-ი გამოთქვამს ძლიერ შეშფოთებას და გმობს უკანონოდ დაპატიმრებული საქართველოს მოქალაქის წინააღმდეგ გუშინ მიღებულ ზომას", - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა ოკუპირებულ ცხინვალში საქართველოს მოქალაქის ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან დღეს გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
აშშ-ის ელჩის თქმით, ზაზა გახელაძეს წაყენებული აქვს სრულიად უსაფუძვლო, შეთითხნილი ბრალდებები.
„აშშ-ი გამოთქვამს ძლიერ შეშფოთებას და გმობს უკანონოდ დაპატიმრებული საქართველოს მოქალაქის წინააღმდეგ გუშინ მიღებულ ზომას. იგი გასული წლის ივლისიდან მოყოლებული იმყოფება პატიმრობაში და მას წაყენებული აქვს სრულიად უსაფუძვლო, შეთითხნილი ბრალდებები, რამდენადაც ჩვენთვის არის ცნობილი. გამოვთქვამთ იმედს, რომ სერიოზულად იქნება განხილული ამ სიტუაციის დაუყოვნებლივ გადაჭრის და საქართველოს მოქალაქის მაქსიმალურად დროულად გათავისუფლების საკითხი“, - განაცხადა კელი დეგნანმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ-მა სასამართლომ, ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა.
გიორგი გახარიამ ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩებს ზაზა გახელაძისა და სხვა მოქალაქეების გათავისუფლებაში დახმარება სთხოვა.