NATO-ს საჰაერო ძალები მზადყოფნაში მოიყვანეს, რუსული გამანადგურებელი შავი ზღვის თავზე პოლონურ თვითმფრინავს აედევნა

რუსული გამანადგურებელი აედევნა პოლონურ თვითმფრინავს, რომელიც ევროკავშირის სასაზღვრო სააგენტოსთვის პატრულირებდა შავ ზღვაზე, განაცხადა რუმინეთის თავდაცვის სამინისტრომ 6 მაისს და მოსკოვის „აგრესიული და საშიში“ ქცევა დაგმო. ინციდენტი შავი ზღვის საერთაშორისო საჰაერო სივრცეში, რუმინეთის საჰაერო სივრციდან აღმოსავლეთით, 60 კილომეტრში მოხდა, განაცხადა სამინისტრომ.

„პოლონური თვითმფრინავი პარასკევს, რუმინეთის სასაზღვრო პოლიციასთან ერთად, Frontex-ის რუტინულ პატრულირებაში მონაწილეობდა, როდესაც მის სიახლოვეს, Sukhoi Su-35-მა „აგრესიული და სახიფათო მანევრები“ შეასრულა“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

„მიუხედავად იმისა, რომ ოთხი თვითმფრინავი მზად იყო ინტერვენციისთვის ნებისმიერ მომენტში, მათი ჩარევა საჭირო არ გახდა“, - განმარტავს რუმინული მხარე.

საერთაშორისო მედია წერს, რომ რუმინეთის ხელისუფლება, ინციდენტის შემდგომი გამოძიების მიზნით, კონტაქტზეა პოლონელ კოლეგებთან და Frontex-თან.


მისივე თანახმად, ინციდენტის დროს, რუმინული და ესპანური თვითმფრინავები NATO-ს მიერ, „წინასწარ მზადყოფნაში“ მოიყვანეს, მაგრამ პოლონელმა ეკიპაჟმა უსაფრთხოდ დაჯდომა მოახერხა.

„ეს ინციდენტი კიდევ ერთი მტკიცებულებაა რუსეთის ფედერაციის პროვოკაციული მიდგომისა შავ ზღვაში“, - განაცხადა ოფიციალურმა ბუქარესტმა.

სააგენტო AFP ევროპულ სასაზღვრო სააგენტო Frontex-ს დაუკავშირდა, თუმცა პასუხი ვერ მიიღო.


„Let L-410 5 მაისს, პატრულირებას ახორციელებდა საერთაშორისო საჰაერო სივრცეში, რუმინეთის განლაგების რეგიონში, როცა მას რუსეთის Su-35 მიუახლოვდა“, - აცხადებს თავის მხრივ, პოლონეთის საზღვრის დაცვის სააგენტო და რუსეთს „აგრესიულ და სახიფათო მანევრირებაში“ სდებს ბრალს. 


ინფორმაციისთვის, „The Western Black Sea 2023“ -  ერთობლივი ოპერაციაა, რომელსაც რუმინეთი ხელმძღვანელობს და მას კოორდინაციას უწევს Frontex-ი. ოპერაციაში ასევე მონაწილეობენ პოლონეთი, ესპანეთი და შვედეთი, ევროკავშირის ორ სააგენტოსთან ერთად.

ის მიზნად ისახავს არალეგალური მიგრაციის, უკანონო თევზჭერისა და ზღვის დაბინძურების პრევენციას, ასევე, შავი ზღვის რეგიონში სხვა სახის ტრანსსასაზღვრო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას. ოპერაცია 2019 წლიდან, ყოველწლიურად ტარდება.


შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება

ცნობისათვის აშშ-ის შეფასებით, NATO-ს მოკავშირეებს შორის, რუმინეთს შავი ზღვის ზონის უსაფრთხოებაში განსაკუთრებული წვლილი შეაქვს.

აშინგტონი შავი ზღვის რეგიონისთვის ყველაზე დიდ საფრთხედ, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიმდინარე აგრესიას მიიჩნევს. ამ ფონზე მნიშვნელოვნად თვლის შავი ზღვის რეგიონის მიმართ სტრატეგიის ამოქმედებას იქედან გამომდინარე, რომ მოსკოვის მიერ წარმოებულმა ომმა შავი ზღვის ნაწილი საომარ ზონად აქცია. ცნობილია, რომ შავი ზღვიდან რუსეთი რაკეტებს უკრაინის ქალაქებს უმიზნებს.

ვაშინგტონის სტრატეგია ივნისისთვის იქნება მზად. მანამდე კი, Europetime დაინტერესდა ხსენებული თემით და შეკითხვებით მიმართა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტს. 

უწყების ოფიციალური წარმომადგენელი გამოცემასთან ამბობს, რომ ახლა უპირველესი პრიორიტეტი რუსული აგრესიისგან უკრაინის დაცვა უნდა იყოს.

„ეჭვგარეშეა, რომ შავი ზღვის რეგიონისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს რუსეთის მიმდინარე აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. რუსეთის ომმა შავი ზღვის ნაწილი საომარ ზონად გადააქცია. შავი ზღვიდან რუსული ხომალდების მიერ გასროლილი რაკეტები უკრაინის ქალაქებს მოხვდა.

რუსულმა ძალებმა უკრაინის პორტები  დაბლოკეს, რამაც  ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე რთული გლობალური სასურსათო კრიზისი გამოიწვია“, - აღნიშნავს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი Europetime-თან.


ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი ხაზს უსვამს შავი ზღვის ზონის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში NATO-ს მოკავშირეების როლს.

„ჩვენი უპირველესი პრიორიტეტი, რუსული აგრესიისგან უკრაინის დაცვა უნდა იყოს. ამავდროულად, ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს ისედაც მრავალმხრივი ჩართულობის გაღრმავებას რეგიონში.

მოგეხსენებათ, 2022 წლის 24 თებერვლიდან, შეერთებულმა შტატებმა და NATO-მ გააფართოვეს ჩვენი ყოფნა შავი ზღვის რეგიონში. NATO-ს მოკავშირეებს, რუმინეთს, თურქეთსა და ბულგარეთს შავი ზღვის ზონის უსაფრთხოებაში განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ“, - ამბობს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი Europetime-თან.