ევროკავშირი მზადაა, უკრაინას მილიონი საარტილერიო ჭურვი გადასცეს - ზელენსკი

ევროკავშირი მზადაა, უკრაინას მილიონი საარტილერიო ჭურვი მიაწოდოს. ამის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკომისიის პრეზიდენტ, ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთად გამართულ ბრიფინგზე, კიევში განაცხადა.

„უკრაინა ყოველდღე აჩვენებს ჩვენი თავდაცვისუნარიონაბას რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში. ყოველი ჩამოგდებული ტერორისტული რაკეტა, ჩვენი ჯარისკაცების ყოველი წარმატება რუსული თავდასხმების მოგერიებაში, იმის მტკიცებულებაა, რომ ჩვენ შეგვიძლია, დავამარცხოთ ეს აგრესორი", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.


ამავე დროს, მან ხაზი გაუსვა ბრძოლაში თანაფარდობის მნიშვნელობას.

„ამ კონტექსტში, დღეს ურსულა ფონ დერ  ლაიენს მადლობა გადავუხადე ევროკავშირის მზადყოფნისთვის, მიაწოდოს უკრაინას საჭირო საბრძოლო მასალა, ერთი მილიონი საარტილერიო ჭურვი“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მოლაპარაკებების დროს მხარეებმა, სხვა საკითხებთან ერთად განიხილეს ჭურვების შესყიდვისა და მიწოდების ტემპი, რადგან უკვე არსებობს ამ საბრძოლო მასალის საჭიროება ბრძოლის ველზე.


გარდა ამისა, ლაიენის ვიზიტისადმი მიძღვნილ პოსტში, ზელენსკის Facebook-ზე ნათქვამია, რომ ამიერიდან, 9 მაისი ევროპის დღე იქნება ევროკავშირსა და უკრაინაში.

„დღეს ჩვენ ვიკრიბებით კიევში ამ განსაკუთრებულ დღეს, რადგან კიევი შესანიშნავი ადგილია ევროპის დღის აღსანიშნავად. ყოველდღე უკრაინის მამაცი ხალხი იცავს ზუსტად იმ ღირებულებებს, რომლებიც ევროკავშირის საფუძველია“, - აღნიშნულია ტექსტში.