საქართველო იმსახურებდა კანდიდატის სტატუსის მიღებას, ამ გადაწყვეტილების დაგვიანებამ, მათ შორის რუსეთის ფედერაციის გააქტიურება გამოიწვია, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
- მომართვის შემთხვევაში, ყველა არასანქცირებული კომპანია შეძლებს პირდაპირი რეისების შესრულებას - ქვრივიშვილი
- პუტინი საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აკრძალვის გადაწყვეტილებასაც აუქმებს
- პუტინი საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმს აუქმებს
თალაკვაძის თქმით, რუსეთის ფედერაციას საქართველოს მოქალაქეებზე სანქციები ცალმხრივად ჰქონდა დაწესებული და სავიზო რეჟიმის გაუქმების გადაწყვეტილებაც მან ცალმხრივად მიიღო.
“რადიკალური ოპოზიცია აბსოლუტურად მავნებლური და უპასუხისმგებლო განცხადებებით გამოდის. ისინი პრაქტიკულად ხელისუფლებისგან საკუთარი თანამემამულეების დასანქცირებას ითხოვენ. რუსეთის ფედერაციამ ცალმხრივად, რა საკვირველია, საქართველოს მონაწილეობის გარეშე მიიღო ვიზასთან დაკავშირებული სანქციების გაუქმების გადაწყვეტილება. ამას ის ადამიანები აკრიტიკებენ, რომლებმაც 2008 წელს საკუთარი მოსახლეობა ომის ზონაში მიატოვეს, სადაც რუსეთის თავდასხმა და ოკუპაცია მიმდინარეობდა, მიატოვეს საკუთარი ჯარისკაცები და ამის შემდეგ, როდესაც რუსეთმა სავიზო რეჟიმის შეზღუდვა შემოიღო, სწორედ ეს პოლიტიკური ძალა და მათი პოლიტიკური ლიდერი გამოვიდა და სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა.
მინდა ემიგრაციაში მყოფ ჩვენს თანამემამულეებს მივმართო, რომ რადიკალური ოპოზიცია საქართველოს ხელისუფლებისგან ითხოვს სანქციების დაწესებას თქვენზე, რასაც ბუნებრივია, ჩვენ არ ვეთანხმებით და საქართველოს ხელისუფლება საკუთარ თანამემამულეებს სანქციებს არ დაუწესებს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დღეს გამოსცა განკარგულებები, რომლებიც საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას და პირდაპირი ფრენების აღდგენას ითვალისწინებს.
საქართველოსთან რუსეთს სავიზო რეჟიმი ცალმხრივად ჰქონდა დაწესებული. რუსეთის ფედერაციასთან სავიზო რეჟიმი 2012 წელს, მაშინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით გაუქმდა. მანამდე კი, 2010 წლის ოქტომბერში სავიზო რეჟიმის გაუქმება რუსეთის ფედერაციაში შემავალი ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების მცხოვრებლებს შეეხოთ.
ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა.
ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.
ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა.
23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.