აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე: "რუსეთმა უნდა შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია"

რუსეთმა უნდა შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე სტივენ ბიგანმა განაცხადა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბიგანმა, დავით ზალკალიანთან ერთად, ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის ქართულ-ამერიკული საბჭოს ორგანიზებით გამართულ ყოველწლიურ კონფერენციაში - "Georgia and its Neighborhood" მიიღო მონაწილეობა, სადაც საქართველოსა და ამიერკავკასიის რეგიონში უსაფრთხოების შენარჩუნების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

"2008 წლის აგვისტოში რუსეთის მხრიდან საქართველოში შეჭრის წლისთავი არის შეხსენება იმისა, თუ რა ძალისხმევა გვესაჭიროება რათა რეგიონი გათავისუფლდეს კონფლიქტებისგან. ასობით მოქალაქემ, რომელიც დაიღუპა ან დაშავდა რუსული აგრესიის შედეგად, უნდა გვაიძულოს, რათა გავაორმაგოთ ჩვენი ძალისხმევა და მოვთხოვოთ რუსეთს, სრულად შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, გააუქმოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება და შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია. რუსეთმა პატივი უნდა სცეს თავისი ყველა მეზობლის, განსაკუთრებით კი საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. საქართველოსა და ჩვენს რეგიონულ პარტნიორებთან ურთიერთიბაში კი, ჩვენი ვალდებულება დემოკრატიის წინაშე, უპირატესია", - განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, სტივენ ბიგანმა.

მისივე თქმით, აშშ მომავალშიც გააგრძელებს საქართველოსთან ერთად მუშაობას საერთო ხედვის განსახორციელებლად, რათა ამიერკავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონი გახდეს უსაფრთხო, გათავისუფლდეს ზიანის მომტანი გავლენებისგან და ფოკუსირება მოახდინოს დემოკრატიულ მმართველობასა და ეკონომიკურ ზრდაზე.

სიტყვით გამოსვლისას, სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ისაუბრა ლევან მიქელაძეზე და ხაზი გაუსვა ქართველი დიპლომატის სახელობის ფონდის მნიშვნელობას საქართველოსა და აშშ-ის შორის ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით. ბიგანმა ასევე აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა ეფუძნება საერთო ღირებულებებს, როგორიცაა: ინდივიდუალური თავისუფლება, დემოკრატია, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა.