უნდა ვიზრუნოთ უცხოეთში მყოფ ჩვენს მოქალაქეებსა, თუ ყოფილ მოქალაქეებზე, ეს უნდა იყოს ჩვენნაირი სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტი და დიასპორის მიმართ კომპლექსური სტრატეგია და არა კრემლის მიერ შერჩეულ დროს და დაკვეთილ მუსიკაზე ცეკვა! - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.
„თუ ესოდენ გვაინტერესებს ქართული წარმოშობის თანამემამულეების ბედი, საინტერესოა, რატომ ვერაფრით მივაღწიე შედეგს იუსტიციასთან ოთხწლიანი მოლაპარაკებებით, ანუ იმას, რომ გამარტივდეს მოქალაქეობის მინიჭება, რათა ხელოვნურად, გაუგებარი ტესტებით არ ვართულებდეთ საქართველოს მოქალაქეობის აღდგენას, ან მინიჭებას. დარწმუნებული ვარ, ეს საკითხი ბევრად მტკივნეულია და აქტუალური რუსეთში (და არა მხოლოდ რუსეთში) მცხოვრები ჩვენი თანამემამულეებისთვის, მით უმეტეს, დღევანდელ დღეს, როცა ბევრს სამუდამო დაბრუნების სურვილი გაუღვივდა.
რაც ეხება საქართველოში ჩამოსვლის ვითომცდა სირთულეებს, გაგახსენებთ, რომ რუსეთიდან უპრობლემოდ ჩამოდიან მინსკის, ერევნის, ბაქოს და თურქეთის გავლით, ან კიდევ ლარსის სახმელეთო საზღვრის გადაკვეთით. ვიზის პრობლემა ხომ არ ჰქონიათ! 700 000 -ზე მეტი შემოსული რუსეთის მოქალაქე (მათ შორის, ქართული წარმოშობის) და 600 000 ჩვენი ქვეყნიდან გასული, იმას მაინც ადასტურებს, რომ გადაადგილება მარტივია. მაშასადამე, ტყუილად აპელირებენ რაღაც ჰუმანიტარულ, ფსევდოპატრიოტულ გრძნობებზე. ეს საკითხი არ დგას და არ იდგა, თუ არა კრემლის მანიპულაცია!
საინტერესოა რატომ?
ვინც ამ თემით აპელირებს და სტკივა რუსეთში მყოფი ჩვენი მოქალაქეების ბედი, იმავდროულად, ნუთუ არ ადარდებს ასევე ამერიკაში, ან ევროპაში მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების ბედი, რომლებიც პირდაპირი რეისებით ვერ სარგებლობენ და მათაც უჭირთ სამშობლოში ჩამოსვლა.
იმაზეც ხომ არ უნდა ვფიქრობდეთ, რომ უკვე სამი წელია, არ შეუძლიათ ჩვენს თანამემამულეებს ჰერეთიდან ჩამოსვლა, რადგანაც კოვიდის შემდეგ ჩაკეტილი ლაგოდეხ - ბელაქანის საზღვარი აღარც გახსნილა. (ადამიანებმა გრძელი გზა უნდა გაიარონ ბაქომდე და იქიდან გადმოფრინდნენ, რაც პრაქტიკულად მათი უმრავლესობის შესაძლებლობებს აღემატება).
უნდა ვიზრუნოთ უცხოეთში მყოფ ჩვენს მოქალაქეებსა, თუ ყოფილ მოქალაქეებზე, ეს უნდა იყოს ჩვენნაირი სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტი და დიასპორის მიმართ კომპლექსური სტრატეგია და არა კრემლის მიერ შერჩეულ დროს და დაკვეთილ მუსიკაზე ცეკვა!“- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
- ექსკლუზივი: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაზრდის დრო არ არის, მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა ამ სასტიკ რეჟიმს
- საგარეო საქმეთა მინისტრი მიესალმება რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენაზე გადაწყვეტილებას
აშშ-ის გამოხმაურება
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა პირველი კომენტარი Europetime-თან გააკეთა.
Europtime-თან ექსკლუზიურ კომენტარში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ახლა რუსეთთან ურთიერთობების გაზრდის დრო არ არის.
„ბევრი დასავლური ქვეყანა, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები მათ საჰაერო სივრცეში რუსული თვითმფრინავების შესვლას კრძალავს. ჩვენ შეშფოთებულნი ვიქნებოდით, თუ რუსეთსა და საქართველოს შორის ფრენები განახლდებოდა, იმის გათვალისწინებით, რომ შესაძლოა, სანქციები დაწესდეს კომპანიების მიმართ საქართველოს აეროპორტებში, თუ ისინი მოემსახურებიან თვითმფრინავებს, რომლებიც იმპორტისა და ექსპორტის დამატებით კონტროლს ექვემდებარებიან. მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა ამ სასტიკ რეჟიმს - ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაზრდის დრო არ არის“, - განუცხადა Europetime-ს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
სავიზო რეჟიმისა და ფრენების აკრძალვის გაუქმებაზე რუსეთის გადაწყვეტილებას, საქართველოს პრეზიდენტისგან მალევე მოჰყვა შეფასება, რომ ეს მორიგი რუსული პროვოკაციაა.
გადაწყვეტილებას მიესალმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი.
საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს აგვისტოს ომის გამო შეწყვიტა. 2012 წლის თებერვალში საქართველომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა.
2019 წლის ივნისში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან, რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვს მიჰყავდა, რასაც მძლავრი პროტესტი მოჰყვა. რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულებით კი, 2019 წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს ეკრძალებათ ფრენა საქართველოში. მას შემდეგ საქართველოში რუსეთიდან თვითმფრინავით ჩამოსვლა მხოლოდ სხვა ქვეყნის გავლით არის შესაძლებელი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა.
საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან.
„ვფიქრობ, ქართველების უმეტესობას ურჩევნია, რუსეთმა გაიყვანოს საკუთარი ჯარები აფხაზეთიდან და ცხინვალიდან და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, ვიდრე აღდგეს პირდაპირი ფრენები“, - განუცხადა მედიას ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა.