უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ისა და მისი ლიდერის, ჯო ბაიდენის „ისტორიულ გადაწყვეტილებას“ მიესალმა. სწორედ ამ სიტყვებით შეაფასა ზელენსკიმ „თვითმფრინავის კოლაციისადმი“ შტატების მხარდაჭერა.
მისი შეფასებით, კოალიციის მხარდასაჭერად მიღებული ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად გააძლიერებს უკრაინის საჰაერო ძალებს.
უკრაინის ლიდერი ხსენებული გადაწყვეტილების პრაქტიკულ დონეზე განხილვას, ჰიროსიმაში, სამიტზე გეგმავს. იაპონიაში ის „დიდი შვიდეულის“ სამიტზე აპირებს ჩასვლას.
დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის თავდაცვის მინისტრების შეფასებით, უკრაინისთვის F-16-ების მიწოდების შესახებ გადაწყვეტილება, შეერთებულ შტატებზეა დამოკიდებული.
გაერთიანებული სამეფო და ნიდერლანდები საერთაშორისო კოალიციის შექმნის მიზნით იმუშავებენ, რომ უკრაინას F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების მიღებაში დაეხმარონ.
დაუნინგ სთრითის ინფორმაცია რიში სუნაკისა და მარკ რუტეს შეხვედრის შემდეგ გავრცელდა, რომელიც რეიკიავიკში მიმდინარე სამიტის ფარგლებში გაიმართა. უფრო ადრე, ბრიტანეთის პრემიერი ხსენებულ საკითხში ჩართვას ზელენსკის დაჰპირდა ლონდონში ვიზიტისას, რის შემდეგაც უკრაინულმა მხარემ "მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები" დააანონსა.
ბრიტანეთის მთავრობამ განაცხადა, რომ უკრაინელი მფრინავების მომზადება ამ ზაფხულს დაიწყება.