CNN-ი თეთრი სახლის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს ცნობას, რომ აშშ „თვითმფრინავების კოალიციაში” მიიღებს მონაწილეობას და უკრაინელ პილოტებს F-16-ებზე გაწვრთნის.
გამოცემის წყაროს თანახმად, იაპონიაში „დიდი შვიდეულის“ სამიტზე აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დაადასტურა ვაშინგტონის მონაწილეობა მოკავშირეების ინიციატივაში, რომ უკრაინელი პილოტები მეოთხე თაობის ავიაგამანადგურებლებზე გაწვრთნან, მათ შორის ამერიკული წარმოების F-16-ებზე.
CNN-ის წყაროს თანახმად, უკრაინელი პილოტებს სავარაუდოდ, მხოლოდ ევროპაში მოამზადებენ, მაგრამ მასში ამერიკელი პერსონალიც მიიღებს მონაწილეობას.
“ვინაიდან წვრთნები მომდევნო თვეებში გაიმართება, ქვეყნების ჩვენი კოალიცია, რომელიც ამ ინიციატივაში მონაწილეობს, გადაწყვეტს, როდის მივაწოდოთ [უკრაინას] თვითმფრინავები, რამდენი მივაწოდოთ და ვინ მიაწოდებს მათ”, - განაცხადა გამოცემის წყარომ.
დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის თავდაცვის მინისტრების შეფასებით, უკრაინისთვის F-16-ების მიწოდების შესახებ გადაწყვეტილება, შეერთებულ შტატებზეა დამოკიდებული.
გაერთიანებული სამეფო და ნიდერლანდები საერთაშორისო კოალიციის შექმნის მიზნით იმუშავებენ, რომ უკრაინას F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების მიღებაში დაეხმარონ.
დაუნინგ სთრითის ინფორმაცია რიში სუნაკისა და მარკ რუტეს შეხვედრის შემდეგ გავრცელდა, რომელიც რეიკიავიკში მიმდინარე სამიტის ფარგლებში გაიმართა. უფრო ადრე, ბრიტანეთის პრემიერი ხსენებულ საკითხში ჩართვას ზელენსკის დაჰპირდა ლონდონში ვიზიტისას, რის შემდეგაც უკრაინულმა მხარემ "მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები" დააანონსა.
ბრიტანეთის მთავრობამ განაცხადა, რომ უკრაინელი მფრინავების მომზადება ამ ზაფხულს დაიწყება.