ბულგარეთი აპირებს, შეუერთდეს ევროკავშირისთვის მწვანე ენერგიის მიწოდების პროექტს

ბულგარეთი გეგმავს, შეუერთდეს კასპიის ზღვიდან ევროკავშირისთვის მწვანე ენერგიის მიწოდების პროექტს. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ, ელნურ სოლტანოვმა განაცხადა.

„სამხრეთის გაზის დერეფანთან ერთად აზერბაიჯანი ქმნის დერეფნებს მწვანე ენერგიის ტრანსპორტირებისთვის. მაგალითად, ქვეყანამ გასული წლის დეკემბერში მიაღწია შეთანხმებას საქართველოსთან, რუმინეთთან და უნგრეთთან შავი ზღვის ფსკერზე შესაბამისი დერეფნის შექმნაზე კასპიის ზღვიდან ევროპისკენ. ბულგარულმა მხარემ ასევე გამოხატა ამ პროექტში მონაწილეობის დაინტერესება და ჩვენ ველით, რომ ბულგარეთი ოფიციალურად შეუერთდება ამ პროექტს უახლოეს მომავალში“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

„ჩვენი მიზანი, შევქმნათ ენერგეტიკული დერეფანი აზერბაიჯანის ნახიჩევანიდან თურქეთამდე და შემდგომ მსოფლიო ბაზრებზე“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

სოლტანოვმა აღნიშნა, რომ ევროპა და მისი ფინანსური ინსტიტუტები მიესალმებიან ამ პროექტებს და მზად არიან, დააფინანსონ ისინი.


2022 წლის 17 დეკემბერს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოს, რუმინეთის და უნგრეთის მთავრობებს შორის ხელი მოეწერა სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმებას, მწვანე ენერგიის განვითარების და გადაცემის შესახებ. შეთანხმების ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს სწორედ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი წარმოადგენდა - განხორციელების შემთხვევაში ის ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგეტიკის სექტორის განვითარებას, გაზრდის სატრანზიტო შესაძლებლობებს და ორმხრივი ვაჭრობის პოტენციალს ევროკავშირსა და სამხრეთს კავკასიის რეგიონს შორის, რაც თავის მხრივ, რეგიონების სტაბილურ და საიმედო ენერგეტიკულ მომავალს უზრუნველყოფს.