არარატ მირზოიანი ხავიერ კოლომინას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის გამართული ბოლო დისკუსიის შესახებ ესაუბრა

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინა მიიღო.

მხარეებმა განიხილეს სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხები. მირზოიანმა კოლომინას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებების პროცესში ბოლო დისკუსიების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

სომხური მედიის ცნობით, მირზოიანმა NATO-ელ ოფიციალურ პირს მთავარ საკითხებზე სომხური მხარის ხედვა გააცნო.

ასევე, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა „ხაზი გაუსვა „აზერბაიჯანის მხრიდან აგრესიული პოლიტიკისა“ და პროვოკაციული ქმედებების შეწყვეტის აუცილებლობას“, „რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია მოლაპარაკებებში პროგრესის თვალსაზრისით“.

ამასთან, ხაზი გაესვა რეგიონში სტაბილურობით დაინტერესებული აქტორების მხრიდან აქტიური ნაბიჯების გადადგმის მნიშვნელობას.


ცნობისთვის, ხავიერ კოლომინა საქართველოში ოფიციალურ შეხვედრებს ხვალიდან დაიწყებს. ის საქართველოს დღეს, გვიან საღამოს ეწვევა.

NATO-ს სამეკავშირეო ოფისს საქართველოში, აქვს რეგიონული მანდატი, რომელიც ასევე მოიცავს სომხეთსა და აზერბაიჯანს.

„NATO-ს არ აქვს პირდაპირი როლი სამშვიდობო პროცესში, თუმცა ორივე მხარეს პოლიტიკურ მხარდაჭერას ვუწევთ, რათა მხარეებმა მშვიდობიანი გადაწყვეტის გზები იპოვონ. ამ მიმართულებით გაწეულ საერთაშორისო ძალისხმევას და მედიაციას მივესალმებით. 

საქართველომ კონსტრუქციული როლი შეასრულა, როდესაც სამშვიდობო პროცესში, მხარეებს პლატფორმად თბილისი შესთავაზა. ეს დასაფასებელია. არის სხვა პლატფორმებიც, სადაც ისინი შეხვედრას მართავენ, მათ შორის ბრიუსელში, ვაშინგტონში და სხვაგან. დიალოგის შენარჩუნება მნიშვნელოვანია და პარტნიორებს ჩვენც ამისკენ მოვუწოდებთ“, - განუცხადა Europetime-ს NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე ვინიკოვმა.