იაპონია არ გეგმავს NATO-ში გაწევრიანებას, თუმცა სამეკავშირეო ოფისის გახსნის გეგმის შესახებ ჩვენთვის ცნობილია - ფუმიო კიშიდა

იაპონია არ გეგმავს NATO-ში გაწევრიანებას, თუმცა მისთვის ცნობილია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გეგმების შესახებ, გახსნას სამეკავშირეო ოფისი იაპონიაში. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ფუმიო კიშიდამ განაცხადა.

კიშიდა ამბობს, რომ არ არის ინფორმირებული, მიიღეს თუ არა რაიმე გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით NATO-ში.

იაპონიის ამ განცხადებას ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ იაპონიის ნაბიჯი არის ის, რასაც აზია-წყნარი ოკეანის რეგიონი „არ მიესალმება“.

„ტოკიო ზედმეტად ფრთხილად უნდა იყოს სამხედრო უსაფრთხოების საკითხთან დაკავშირებით, მისი აგრესიის ისტორიის გათვალისწინებით“, – განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა.

ცნობისთვის, იაპონური მედიის ინფორმაციით, კიშიდა გეგმავს შეუერთდეს NATO-ს სამიტს, რომელიც ივლისში, ლიეტუვაში გაიმართება.


იაპონია NATO-ს სამეკავშირეო ოფისის გასახსნელად მოლაპარაკებებს მართავს. 10 მაისს, CNN-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში საგარეო საქმეთა მინისტრი, იოშიმასა ჰაიაში მოლაპარაკების წარმოების მიზეზად, რუსეთის უკრაინაში შეჭრას ასახელებდა, რომელმაც „მსოფლიო ნაკლებად სტაბილური გახადა“.