ძალიან მნიშვნელოვანია ინვესტიციების კუთხით საუდის არაბეთთან თანამშრომლობა - დავითაშვილი

თანამშრომლობის ძალიან კომპლექსური დღის წესრიგი დგება საუდის არაბეთთან. საუდის არაბეთი სპარსეთის ყურეში წამყვანი ეკონომიკაა, ეს ყველაზე დიდი ქვეყანაა 40 მილიონიანი მოსახლეობით, შესაბამისად, ჩვენთვის სავაჭრო ურთიერთობების განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

„საუდის არაბეთი ცალკე, დამოუკიდებლად სავაჭრო ურთიერთობებს, სავაჭრო შეთანხმებას არ განიხილავს, მაგრამ განხილული იქნება ეს აუცილებლად სპარსეთის ყურის სხვა ქვეყნებთან ერთად თავისუფალი ვაჭრობის გაფორმების კუთხით და ამაზე საუბარი საუდის არაბეთის ეკონომიკის სამინისტროსთან უკვე დავიწყეთ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ინვესტიციების კუთხით საუდის არაბეთთან თანამშრომლობა, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ეკონომიკა, რომელსაც აქვს საკმაოდ დიდი ინტერესი საქართველოს მიმართ, განსაკუთრებით საქართველოს ბოლო დღეების და ბოლოდროინდელი პროგრესი არის შთამბეჭდავი, საუდის არაბეთის მთავრობისთვის და შესაბამისად ჩვენ სხვადასხვა დარგობრივი კუთხით თანამშრომლობის მიმართულებებზე ვიმსჯელეთ.

~დაიგეგმა, შეიქმნას ერთობლივი სამუშაო ჯგუფები და კომისიები, რომლებიც იდენტიფიცირებას მოახდენენ საინვესტიციო პროექტების, ეს იქნება როგორც ენერგეტიკის მიმართულებით, ისე ეს იქნება უძრავი ქონებისა და ინფრასტრუქტურული განვითარების კუთხით. აქ ჩვენ გვექნება მჭიდრო თანამშრომლობა საუდის არაბეთის სხვადასხვა სამინისტროსთან, ეს იქნება ეკონომიკის დაგეგმარების სამინისტრო, ინვესტიციების სამინისტრო, ტურიზმის სამინისტრო, თუ ტრანსპორტის სამინისტრო და ამ მიმართულებებით ჩვენ ნამდვილად ველოდებით ძალიან დიდ პროგრესს საუდის არაბეთთან თანამშრომლობის კუთხით,"- აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.