- საუდის არაბეთსა და რუსეთს შორის დაპირისპირებაა ნავთობის მოპოვების შემცირების გამო
- მოსკოვი ახორციელებს იაფი ნავთობის ექსპორტს, რაც რიადის ძალისხმევას ზიანს აყენებს
საუდის არაბეთის შეფასებით, მოსკოვი არ ასრულებს OPEC+-ის ჩარჩოებში ნაკისრ ვალდებულებებს ნავთობის მოპოვების მოცულობების შემცირების შესახებ. ერ-რიადი უკმაყოფილოა რუსეთის მოქმედებებით ნავთობის მოპოვების სფეროში. შესაბამის სტატიას გაზეთი The Wall Street Journal-ი წყაროზე დაყრდნობით აქვეყნებს.
გამოცემის თანახმად, საუდის არაბეთის მაღალი რანგის წარმომადგენლებმა რუს კოლეგებს შეთანხმებული შემცირებების დაცვის თხოვნით მიმართეს.
ერ-რიადის შეფასებით, რუსეთი კვლავაც აგრძელებს მსოფლიო ბაზარზე იმაზე მეტი ნედლი ნავთობის გატანას, ვიდრე ეს შეთანხმებული იყო და ეს ნავთობზე ფასების სტაგნაციას იწვევს იმ ფონზე, როდესაც საუდის არაბეთს მათი გაზრდა სურს.
4 ივნისს OPEC+ ქვეყნების მოახლოებული შეხვედრის წინ, დაძაბულობა იზრდება.
ეს არაფორმალური ორგანიზაცია ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა საერთაშორისო ორგანიზაციაში (OPEC) შემავალ ქვეყნებს აერთიანებს. აქ წამყვან როლს თამაშობენ საუდის არაბეთი და რიგი სახელმწიფოები, რომლებიც OPEC-ის წევრები არ არიან, მათ შორის არის რუსეთიც.
Brent-ის ნავთობის ფასები მსოფლიო ბაზარზე ახლა 10%-ით დაბალია, ვიდრე ეს აპრილის დასაწყისში იყო. მაშინ OPEC+-ის ქვეყნებმა ნავთობის მოპოვების შემცირების პირობა დადეს. საერთაშორისო ენერგეტიკულ სააგენტოში მიაჩნიათ, რომ საუდის არაბეთისგან განსხვავებით, რუსეთს არ შეუმცირებია აპრილში ნავთობის მოპოვება შეპირებულ 500 ათას ბარელამდე დღე-ღამეში.
ადრე OPEC+-ის ჩარჩოებში არაერთ მოლაპარაკებას, ნავთობზე შედარებით მაღალი ფასების შენარჩუნება მოჰყვა. Wall Street Journal-ის თანახმად, საუდის არაბეთმა ბიუჯეტში ნავთობის ფასად ბარელზე 81 დოლარი დააწესა, თუმცა ახლა ის რამდენიმე დოლარით დაბალია. ნავთობის მოპოვების შემცირებას შესაძლოა, ფასების ზრდისთვის შეეწყო ხელი.
რუსეთის ვიცე-პრემიერი ალექსანდრ ნოვაკი თავის მხრივ, ამტკიცებდა, რომ რუსეთი „ნავთობის მოპოვების შემცირების“ ყველა „ნებაყოფლობით დონეს“ იცავდა.
ინფორმაციისთვის, დასავლეთის ქვეყნებმა გასულ წელს შეზღუდვები დააწესეს რუსულ ნავთობზე და ე.წ. ზედა ზღვარზე შეთანხმდნენ.