ევროკავშირის ქვეყნებს რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების განახლებასთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიცია გააჩნიათ და ეს იყო შეხვედრაზე განხილვის საგანი, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა „ქრონიკაში“ ისაუბრა.
„ევროკავშირის ელჩმა, ვფიქრობ, რომ დემარშის წერილის შინაარსი საზოგადოებას გააცნო, სადაც ცალსახადაა აღნიშნული, რომ ევროკავშირის ქვეყნები ამ შემთხვევაში ერთიანი გადაწყვეტილების ერთგული არიან. მათ ერთიანი გადაწყვეტილება გააჩნიათ რუსეთთან ფრენებთან და საქართველოში ფრენების განახლებასთან დაკავშირებით მათ განსხვავებული პოზიცია გააჩნიათ.
ეს იყო შეხვედრაზე განხილვის საგანი. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ჩვენი არგუმენტები, რომელიც ევროკავშირის ელჩებს და მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში გავუზიარეთ. საზოგადოებას უნდა შევახსენოთ, რომ ცალმხრივი იყო გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოში ფრენების შეწყვეტის შესახებ 2019 წელს და ამ შემთხვევაშიც, ფრენების აღდგენის შესახებ გადაწყვეტილებაც ცალმხრივია. ბუნებრივია, როდესაც ვსაუბრობთ ფრენების განახლებაზე აქ ძალიან ბევრი ტექნიკური დეტალის გავლაა საჭირო და ძალიან ბევრ პროცედურას ითვალისწინებს ფრენების დაშვება.
ჩვენ ამაზე გვქონდა საკმაოდ დიდი მსჯელობა გუნდში და საზოგადოებას, მათ შორის საერთაშორისო საზოგადოებას ავუხსენით, მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ ამ შემთხვევაში, როდესაც აღდგა ფრენები რუსეთის ფედერაციასთან ჩვენ გარკვეული პრაქტიკა გამოვიყენეთ, პრინციპების შესაბამისად მოხდა ფრენების დაშვება საქართველოში და ეს ეფუძნებოდა უფრო კონსერვატორულ მიდგომებს, სადაც ჩვენ სანქცირებული კომპანიებისთვის ფრენის უფლება არ მიგვიცია. უფლება არ მივეცით ასევე, იმ ავიასატრანსპორტო საშუალებებს, რომლების წარმომადგენლებიც სანქციებში ექცევა. ეს დეტალებიც განვიხილეთ ელჩებთან. ამის შესახებ კითხვები დაისვა ელჩების მხრიდანაც, რომ ტექნიკურად რამდენად გამართული იყო ჩვენი გადაწყვეტილება და რამდენად შეესაბამებოდა უსაფრთხოების სტანდარტებს, ხომ არ იქნებოდა გარკვეული პრობლემები, საფრთხეები?! რა თქმა უნდა ჩვენი გადაწყვეტილებები სრულად თანხვედრაშია სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო საბჭოს პრინციპებსა და სტანდარტებთან“,- აღნიშნა დავითაშვილმა "ქრონიკასთან".
10 მაისს, სავიზო რეჟიმისა და ფრენების აკრძალვის გაუქმებაზე რუსეთის გადაწყვეტილებას, საქართველოს პრეზიდენტისგან მალევე მოჰყვა შეფასება, რომ ეს მორიგი რუსული პროვოკაციაა.
გადაწყვეტილებას მიესალმნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი და ირაკლი ღარიბაშვილი.
„ქართველი ხალხი სავარაუდოდ, ამჯობინებს, რუსეთმა გაიყვანოს მისი შეიარაღებული ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ვიდრე იხილოს პირდაპირი ფრენების აღდგენა თუ სავიზო რეჟიმის ცვლილება“, - განაცხადეს თავის მხრივ, 11 მაისს, სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე და კიდევ ერთხელ დაამატეს, რომ აშშ-სთვის შემაშფოთებელი იქნება, თუ საქართველოსთან რუსეთი პირდაპირ ფრენებს განაახლებს.
20 მაისიდან, თბილისიდან მოსკოვში და პირიქით, რეგულარული ავიამიმოსვლა ქართულმა კომპანია „ჯორჯიან ეარვეისმაც" დაიწყო.
- ევროკავშირმა, შეერთებულმა შტატებმა, კანადამ და სხვა სახელმწიფოებმა აკრძალეს რუსული ავიაკომპანიების მათ საჰაერო სივრცეში შესვლა მას შემდეგ, რაც რუსეთმა 2022 წლის თებერვალში უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო.
საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს აგვისტოს ომის გამო შეწყვიტა. 2012 წლის თებერვალში საქართველომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა.
2019 წლის ივნისში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან, რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვს მიჰყავდა, რასაც მძლავრი პროტესტი მოჰყვა. რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულებით კი, 2019 წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს ეკრძალებათ ფრენა საქართველოში. მას შემდეგ საქართველოში რუსეთიდან თვითმფრინავით ჩამოსვლა მხოლოდ სხვა ქვეყნის გავლით იყო შესაძლებელი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა.
საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან.
„ვფიქრობ, ქართველების უმეტესობას ურჩევნია, რუსეთმა გაიყვანოს საკუთარი ჯარები აფხაზეთიდან და ცხინვალიდან და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, ვიდრე აღდგეს პირდაპირი ფრენები“, - განუცხადა მედიას ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა.