პეკინი მზადაა, ჩინეთისა და უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობას შორის კონტაქტები გააფართოოს

  • პეკინი აგრძელებს შუამავლის როლის ძიებას მოსკოვის კავშირების მიუხედავად

ჩინეთის თავდაცვის მინისტრმა, ლი შანფუმ თავის უკრაინელ კოლეგას შესთავაზა, გამოიყენოს „ყველა საკონტაქტო საშუალება“ რუსეთის ომის დასასრულებლად და ასევე პირობა დადო, რომ გააფართოოს სამხედრო სფეროში კომუნიკაციები კიევთან. შესაბამის ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

ლი თავდაცვის მინისტრს ოლექსი რეზნიკოვს და მის გუნდს შაბათს სინგაპურში შეხვდა - ჩინეთი აგრძელებს კონფლიქტში მშვიდობისმყოფელის როლის დაკავებას მოსკოვთან მჭიდრო პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების მიუხედავად.

შეხვედრის დროს უკრაინული მხარე ცდილობდა პეკინისთვის ადგილზე არსებული სიტუაციის გაცნობას, განაცხადა თავდაცვის მინისტრის ინტერვიუში.

მისივე თქმით, ჩინეთი მზადაა კომუნიკაციისთვის, რათა გააფართოოს კონტაქტები უკრაინისა და ჩინეთის სამხედრო ხელმძღვანელობას შორის“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ ჩინელ ოფიციალურ პირებთან მოლაპარაკების შემდეგ.

კიევი იმედოვნებს, რომ ამ შეხვედრის შემდეგ, გარკვეულ დინამიკას დაინახავს.


ჩინეთმა უკრაინის სამშვიდობო გეგმა შეიმუშავა, რომელიც 12 პუნქტისგან შედგება. დასავლეთმა და კიევმა განაცხადეს, რომ პეკინის წინადადებებს კონფლიქტის დარეგულირების რეალურ გეგმად ვერ განიხილავენ. ნახსენებია ცეცხლის შეწყვეტა, თუმცა წინადადებებში არაფერია ნათქვამი რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების დატოვებაზე, როგორც ომის დასრულების გზაზე.

17 მაისს გამართულ შეხვედრაზე, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ჩინეთის სპეცწარმომადგენელს, ლი ჰუის დეტალურად გააცნო უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემაზე დაფუძნებული სტაბილური და სამართლიანი მშვიდობის აღდგენის პრინციპები. მინისტრმა ისიც აღნიშნა, რომ უკრაინისთვის მიუღებელია წინადადება, რომელიც გულისხმობს მისი ტერიტორიების დაკარგვას ან კონფლიქტის გაყინვას.

„მხარეებმა ცალ-ცალკე განიხილეს უკრაინასა და ჩინეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების გრძელვადიანი პერსპექტივები და შეთანხმდნენ დიალოგის გაზრდაზე ორმხრივი და საერთაშორისო დღის წესრიგის ძირითად საკითხებზე“, - აღნიშნულია უკრაინული მხარის ინფორმაციაში.


აღსანიშნავია, რომ მაისის დასაწყიში, ჩინეთმა გაეროში მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელშიც რუსეთს აგრესორს უწოდებენ.

მანამდე ჩინეთი თავს იკავებდა მოსკოვის ქმედებების კრიტიკისგან და „ყველა მხარის ინტერესების გათვალისწინებით“, მშვიდობის მიღწევის აუცილებლობაზე საუბრობდა. თავად ჩინეთის წარმომადგენლებმა აღნიშნულ კენჭისყრასთან დაკავშირებით, კომენტარი არ გააკეთეს.

ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი მოსკოვს მარტის ბოლოს ეწვია. მან პეკინსა და მოსკოვს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და მეგობრობის შესახებ ისაუბრა.

უფრო ადრე, დასავლეთის ქვეყნებმა გამოთქვეს შიშები, რომ ჩინეთმა შესაძლოა, რუსეთისთვის იარაღის მიწოდება დაიწყო, მაგრამ მას შემდეგ პეკინის პოზიციის ცვლილება უკრაინის ომთან დაკავშირებით, არ შეინიშნება.

ცნობისთვის, რამდენიმე კვირის წინ, სი ძინპინმა სატელეფონო საუბარი გამართა უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან.