ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ნოვა კახოვკის კაშხალზე თავდასხმას ომის დანაშაული უწოდა. „შოკირებული ვარ ნოვა კახოვკის კაშხალზე უპრეცედენტო თავდასხმით. სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურება აშკარად კვალიფიცირდება, როგორც ომის დანაშაული და ჩვენ პასუხისმგებლობას დავაკისრებთ რუსეთსა და მის მარიონეტებს, - წერს მიშელი Twitter-ზე.
ევროსაბჭოს გენერალური მდივანი, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი რუსეთის მიერ კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის აფეთქებას გმობს.
„მე ვგმობ რუსეთის მიერ უკრაინაში კაშხლის განადგურებას. ეს არის დანაშაული და უგუნურობა“, - წერს ბურიჩი.
„ტერორისტულმა სახელმწიფო რუსეთმა ახლა წყალი აქცია იარაღად. ნოვა კახოვკაში კაშხლის განადგურება ომის დანაშაულია, რომელიც გავლენას ახდენს უამრავ მშვიდობიან მოსახლეობაზე და იწვევს ეკოციდსა და მასობრივ განადგურებას. ჩვენ უნდა შევაჩეროთ აგრესიის ეს ციკლი უკრაინის გამარჯვებაში დახმარებითა და სრული პასუხისმგებლობის დაკისრებით“, - წერს თავის მხრივ, ესტონეთის პრემიერ-მინისტრი, კაია კალასი Twitter-ზე.
ევროპარლამენტის პრეზიდენტის შეფასებით, ნოვა კახოვკაში ჰიდროელექტროსადგურის ნგრევის შედეგად, უკრაინელი ბავშვები, ქალები და კაცები დაზარალდებიან.
„ეს კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა, ომის დანაშაული, რომელსაც უპასუხოდ ვერ დავტოვებთ. დღეს, როგორც არასდროს, უკრაინას ჩვენი დახმარება სჭირდება“, - წერს რობერტა მეცოლა Twitter-ზე.
გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის თქმით, ეს არის ერთ-ერთი იმ მრავალი დანაშაულიდან, რომელიც უკრაინაში ნახეს და რომელიც ჩაიდინეს რუსმა სამხედროებმა.
„ომის ამ რეჟიმის ფარგლებში, სამოქალაქო ობიექტებს, ქალაქებს, სოფლებს, საავადმყოფოებს, სკოლებს, ინფრასტრუქტურას ყოველთვის ესხმოდნენ თავს. გამოჩნდა ახალი განზომილება, მაგრამ ის შეესაბამება იმას, თუ როგორ აწარმოებს პუტინი ამ ომს“, - განაცხადა ოლაფ შოლცმა.
ლატვია მკაცრად გმობს რუსეთის მიერ უკრაინაში ნოვა კახოვკის კაშხლის მიზანმიმართულ განადგურებას. შესაბამისი განცხადება ლატვიის პრეზიდენტმა, ედგარს რინკევიჩსმა გააკეთა.
რინკევიჩსის თქმით, ეს არის ეკოლოგიური კატასტროფა, სიცოცხლე საფრთხეშია.
„რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა და უნდა შეჩერდეს. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ უკრაინის მხარდაჭერა და ომის დამნაშავეები პასუხისგებაში უნდა მივცეთ“, - წერს Twitter-ზე ლატვიის პრეზიდენტი.
უკრაინაში კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის აფეთქებას საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელიც გამოეხმაურა.
„კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის განადგურება არის რუსეთის სისასტიკის ახალი განზომილება, რომელიც საფრთხეში აყენებს ასობით ათასი მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლეს. სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები ომის დანაშაულად ითვლება. ჩვენ ვთანამშრომლობთ უკრაინასთან დახმარების უზრუნველსაყოფად“, – წერს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი სოციალურ ქსელში.
უკრაინის ხელისუფლების ცნობით, რუსეთის ძალებმა დღეს დილით ააფეთქეს ხერსონის ოლქში მდებარე კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი. ხერსონიდან მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია. რამდენიმე დასახლებული პუნქტი უკვე ნაწილობრივ ან მთლიანად დატბორილია.