ჩვენს ქვეყანაში ვაქცინაციის კალენდარში ჩუტყვავილას აცრა არ არის, რაც გამოსასწორებელია, რადგან ის ერთ-ერთი ყველაზე გადამდები ვირუსია, - ამის შესახებ ინფექციონისტმა, მაია ბუწაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ამ სეზონზე ყველაზე საყურადღებო ინფექციები ჩუტყვავილა და ქუნთრუშაა. მოგეხსენებათ, ჩუტყვავილა ადამიანებს ბავშვთა ასაკში გადააქვთ, მაგრამ მოზრდილობაში ვისაც ემართება, ფორმა საკმაოდ მძიმეა და გართულებებით მიმდინარეობს. ასეთი გართულებებია ფილტვის ანთება, ნევროლოგიური გართულებები და ე.წ. მეორეული ინფექცია, როდესაც დაზიანებულ კანს ბაქტერიული ინფექცია დაერთვის. ჩუტყვავილას შემთხვევაში კანის ნაცხის პისიარ კვლევა ტარდება. შესაძლებელია სისხლის გამოკვლევაც და ამით დიაგნოზის დასმა.
ჩვენს ქვეყანაში ვაქცინაციის კალენდარში ჩუტყვავილას აცრა არ არის, რაც გამოსასწორებელია, რადგან ერთ-ერთი ყველაზე გადამდები ვირუსია. თუ ოჯახის ერთ წევრს დაემართა და დანარჩენებს გადატანილი არ აქვთ, შანსი იმისა, რომ დაინფიცირდნენ, თითქმის 100%-მდეა. თუ გადატანილი აქვს ადამიანს ვირუსი და ორგანიზმში ანტისხეულები არსებობს, ჩუტყვავილათი განმეორებითი ინფიცირება არ ხდება. მიუხედავად ამისა, ჩუტყვავილას ვირუსი ორგანიზმში სამუდამოდ რჩება, თუმცა იმუნიტეტი მას მარტივად ძლევს. ზოგ შემთხვევაში ის შეიძლება სხვა დაავადების, ე.წ. ჰერპეს ზოსტერის სახით გამოვლინდეს, რაც ძალიან მძიმე დაავადებაა და აუტანელი ტკივილი ახასიათებს“, - განაცხადა მაია ბუწაშვილმა.