საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური იტყობინება, რომ ხერსონის ოლქიდან დაახლოებით 1000-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა მას შემდეგ, რაც რუსულმა ძალებმა 6 ივნისს, კახოვკის კაშხალი ააფეთქეს. უწყება ადგილობრივი დროით, პირველი საათის მონაცემებს აქვეყნებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ხერსონის ოლქში ევაკუაციისთვის ხუთი დროებითი დახმარების ცენტრი შეიქმნა. ხერსონის ოლქის გუბერნატორმა, ალექსანდრე პროკუდინმა განაცხადა, რომ მშვიდობიან მოქალაქეებს ავტობუსებითა და მატარებლებით გადაიყვანენ მიკოლაივში, ხმელნიცკიში, ოდესაში, კროპივნიცკში, კიევსა და სხვა ქალაქებში.
„მოსალოდნელია, რომ წყლის დონე კიდევ 24 საათის განმავლობაში აიწევს, ამიტომ ხელისუფლება იმუშავებს მოსახლეობის დასახმარებლად“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა, იჰორ კლიმენკომ.
სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურმა ასევე გააფრთხილა მშვიდობიანი მოსახლეობა და მოუწოდა მათ დაკვირვებისკენ, რადგან ნაღმები შესაძლოა, წყალდიდობის შედეგად გადაადგილდეს.
უკრაინის ცნობით, რუსულმა ძალებმა 6 ივნისს გამთენიისას გაანადგურეს კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი, რამაც გამოიწვია ფართომასშტაბიანი ჰუმანიტარული და ეკოლოგიური კატასტროფა სამხრეთ უკრაინაში.