უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 6 ივნისს განაცხადა, რომ საერთაშორისო პარტნიორები მზად არიან, უკრაინას F-16 რეაქტიული გამანადგურებლები მიაწოდონ, თუმცა ამისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნაა საჭირო.
„მე ვიყავი მოლდოვაში, სადაც მქონდა დახურული შეხვედრა ქვეყნებთან, რომლებმაც დაადასტურეს, რომ ისინი აუცილებლად მოგვცემდნენ F-16-ებს“, - განაცხადა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრესკონფერენციაზე.
მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ მოიერიშე თვითმფრინავების გადაცემას პარტნიორი ქვეყნებისა და შეერთებული შტატების თანხმობა სჭირდება. ამასთანავე, აღნიშნა რომ ინფრასტრუქტურის სწრაფი მომზადება ნაკლებად სავარაუდოა.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მას თვითმფრინავების რაოდენობასთან დაკავშირებით დეტალების გამხელა არ შეუძლია, მაგრამ აღნიშნა, რომ ზოგიერთი ევროპელი პარტნიორისგან გაიგო, რომ რაოდენობა სერიოზული იქნება.
„უბრალოდ ბედნიერების დღე მქონდა. ვინაიდან ხანდახან, როგორც იცით, რაღაცაზე ერთზე, ორზე უნდა შეთანხმდეთ, და აქ კი სერიოზული, ძლიერი შეთავაზება იყო.
მნიშვნელოვანია, რომ ეს კოალიცია ქაღალდზე იყოს, შეთანხმება რამშტაინზე ან სხვა პლატფორმაზე, ღმერთმა ქნას, რომ ეს ბოლომდე მივიყვანოთ და მაშინ მთელი ინფრასტრუქტურის მომზადება დაიწყება და ეს სწრაფი არაა”, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.