თურქეთისა და უკრაინის პრეზიდენტებმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს სატელეფონო საუბარი გამართეს, იუწყება სააგენტო Anadolu.
ორივე ლიდერმა კახოვკის ჰიდროელექტროსადგურთან დაკავშირებით არსებული ვითარება განიხილა. ერდოღანმა გამოთქვა მზადყოფნა, უზრუნველყოს ყველა შესაძლო დახმარება და მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო კომისიის შექმნაში თურქი ექსპერტების მონაწილეობით.
კომისიაში შეიძლება, შევიდნენ სპეციალისტები როგორც კონფლიქტის მხარეებიდან, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობიდან, მათ შორის გაეროდან.
ერდოღანმა აღნიშნა, რომ ამ საკითხში შეიძლება, დაცული იყოს დიალოგის ისეთი ფორმატი, როგორიცაა, მაგალითად, „მარცვლეულის დერეფანთან“ დაკავშირებით.
თურქეთის ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიმდინარე საომარი მოქმედებების ფონზე შეუძლებელია ადამიანური მსხვერპლის თავიდან აცილება, ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია მოლაპარაკებების პროცესის განახლების საკითხზე კონცენტრირება. მან დაარწმუნა კიევი, რომ ანკარა გააგრძელებს მტკიცე ძალისხმევას სამართლიანი მშვიდობის დასამყარებლად.
თავის მხრივ, ზელენსკიმ სატელეფონო საუბართან დაკავშირებით ხაზი გაუსვა, რომ ერდოღანთან კომუნიკაციისას, კახოვკის ჰიდროელექტროსადგურზე რუსული ტერორისტული აქტის ჰუმანიტარულ და ეკოლოგიურ შედეგებზე, მათ შორის ზპოროჟიესთვის შექმნილ რისკებზე გაამახვილა ყურადღება.
ზელენსკიმ ისაუბრა უკრაინის გადაუდებელი საჭიროებების სიაზე, რომელიც კატასტროფის აღმოსაფხვრელად არის აუცილებელი.
„თურქეთის ხმა მნიშვნელოვანია, როდესაც საქმე ეხება უკრაინის ტერიტორიიდან საოკუპაციო ჯარების გაყვანას. ასევე მნიშვნელოვანია, როდესაც საქმე ეხება ჩვენი უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების, კერძოდ ყირიმელი თათრების დაბრუნებას და მარცვლეულის ინიციატივის გაგრძელებასა და გაფართოებას“, - წერს ზელენსკი Twitter-ზე.
აღსანიშნავია,რომ ერდოღანის ინიციატივასთან დაკავშირებით, ზელენსკის განცხადებაში არაფერია ნათქვამი.