უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ თურქ კოლეგა, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან სატელეფონო კომუნიკაციისას, კახოვკის ჰიდროელექტროსადგურზე რუსული ტერორისტული აქტის ჰუმანიტარულ და ეკოლოგიურ შედეგებზე, მათ შორის ზაპოროჟიესთვის შექმნილ რისკებზე გაამახვილა ყურადღება. თურქეთისა და უკრაინის პრეზიდენტებმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს სატელეფონო საუბარი 7 ივნისს გამართეს.
ზელენსკიმ ისაუბრა უკრაინის გადაუდებელი საჭიროებების სიაზე, რომელიც კატასტროფის აღმოსაფხვრელად არის აუცილებელი.
„თურქეთის ხმა მნიშვნელოვანია, როდესაც საქმე ეხება უკრაინის ტერიტორიიდან საოკუპაციო ჯარების გაყვანას. ასევე მნიშვნელოვანია, როდესაც საქმე ეხება ჩვენი უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების, კერძოდ ყირიმელი თათრების დაბრუნებას და მარცვლეულის ინიციატივის გაგრძელებასა და გაფართოებას“, - წერს ზელენსკი Twitter-ზე.
სააგენტო Anadolu-ს ცნობით, ლიდერებმა კახოვკის ჰიდროელექტროსადგურთან დაკავშირებით არსებული ვითარება განიხილეს. ერდოღანმა გამოთქვა მზადყოფნა, უზრუნველყოს ყველა შესაძლო დახმარება და მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო კომისიის შექმნაში თურქი ექსპერტების მონაწილეობით.
კომისიაში შეიძლება, შევიდნენ სპეციალისტები როგორც კონფლიქტის მხარეებიდან, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობიდან, მათ შორის გაეროდან.
ერდოღანმა აღნიშნა, რომ ამ საკითხში შეიძლება, დაცული იყოს დიალოგის ისეთი ფორმატი, როგორიცაა, მაგალითად, „მარცვლეულის დერეფანთან“ დაკავშირებით.
აღსანიშნავია,რომ ხსენებულ ინიციატივასთან დაკავშირებით, ზელენსკის განცხადებაში არაფერია ნათქვამი.