რუსებმა თუ განზრახ ააფეთქეს კაშხალი, ეს იქნება ომის დანაშაული და მას ვერ გაამართლებენ „რაიმე სამხედრო აუცილებლობით“- იან ბონდი

ლონდონში დაფუძნებული „ევროპული რეფორმების ცენტრის“ საგარეო პოლიტიკის მიმართულების დირექტორი, იან ბონდი Europetime-ს ესაუბრა კახოვკის ირგვლივ შექმნილ სურათზე. ბრიტანელი დიპლომატი განიხილავს, რა რეალობა შექმნა მომხდარმა როგორც რუსეთის, ისე, უკრაინისთვის. რას იღებს ამით მოსკოვი და რა შედეგებთან გამკლავება მოუწევს კიევს. 

ლატვიაში ბრიტანეთის ყოფილი ელჩის შეფასებით, თუ რუსებმა განზრახ ააფეთქეს კაშხალი, ეს იქნება ომის დანაშაული და ეს ვერ გამართლდება რაიმე „სამხედრო აუცილებლობით“.

თუმცა როგორც იან ბონდი აღნიშნავს, მაშინაც კი, თუ კაშხალი ჩამოინგრა მანამდე წარმოებული ბრძოლის დროს მიყენებული დაზიანების გამო, ეს იქნება რუსეთის პასუხისმგებლობა. ისევე როგორც ბევრი სხვა რამ, რაც მოხდა ბოლო 15 თვის განმავლობაში, „რადგან რუსეთს რომ არ განეხორციელებინა უკანონო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, ეს ტრაგედია ვერასოდეს მოხდებოდა“.


„ამ ეტაპზე კაშხლის განადგურების შესახებ მხოლოდ ვარაუდის გამოთქმა შემიძლია, რადგან ზუსტად არ ვიცით, რა მოხდა. BBC-მ გამოაქვეყნა სატელიტური ფოტოები, რომლებიც გვთავაზობენ, რომ წყალმა შესაძლოა, კაშხლის სრულ ჩამონგრევამდე რამდენიმე დღით ადრე დაიწყო დინება.

ვიცით, რომ რუსები აკონტროლებდნენ კაშხალს ომის დასაწყისიდანვე, ზოგიერთმა რუსულმა წყარომ რამდენიმე ხნის წინ განაცხადა, რომ მათ დანაღმული ჰქონდათ კაშხლის ტერიტორია და რომ მათ ახლა უფრო მეტი სარგებლის მიღება შეუძლიათ მისი განადგურებით, ვიდრე უკრაინას.

  • რას იღებს რუსეთი? უპირველეს ყოვლისა, უკრაინას მოუწია ომიდან ყურადღების გადატანა და ხერსონის სამაშველო სამუშაოზე ფოკუსირება. მეორე - უკრაინა ცდილობდა დასაყრდენის შექმნას დნიპროს აღმოსავლეთ სანაპიროზე ნოვა კახოვკასა და ქალაქ ხერსონს შორის; ნებისმიერი პოზიციები, რომლებიც უკრაინამ იქ განსაზღვრა, აღარ იარსებებს და დატბორილ რაიონებში ჯარისკაცებს ჯავშანტექნიკით შესვლა გარკვეული დროის განმავლობაში გაუჭირდებათ.

მესამე - სახეზე იქნება გრძელვადიანი ზიანი უკრაინის ეკონომიკისთვის - ბევრად უფრო გრძელვადიანი ზიანი, ვიდრე  უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე წინა თავდასხმებმა მოუტანა მას.

უკრაინის სასოფლო-სამეურნეო მიწების მნიშვნელოვანი ნაწილი სარწყავი წყლის გარეშე დარჩება. როგორი გეგმებიც არ უნდა ჰქონდეს კიევს ამ დანაკარგის ზემოქმედების შესამცირებლად, ის მაინც გამოიწვევს მნიშვნელოვან ზიანს.

თუ რუსებმა განზრახ ააფეთქეს კაშხალი, ეს იქნება ომის დანაშაული - მე ვერ ვიფიქრებ რაიმე „სამხედრო აუცილებლობაზე“, რომელიც ასეთ ქმედებას გაამართლებდა, იმის გათვალისწინებით, თუ რა გავლენას მოახდენს ის მშვიდობიან მოსახლეობაზე.

მაგრამ მაშინაც კი, თუ კაშხალი ჩამოინგრა მანამდე წარმოებული ბრძოლის დროს მიყენებული დაზიანების გამო, ეს იქნება რუსეთის პასუხისმგებლობა. ისევე როგორც ბევრი სხვა რამ, რაც მოხდა ბოლო 15 თვის განმავლობაში, რუსეთს რომ არ განეხორციელებინა უკანონო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, ეს ტრაგედია ვერასოდეს მოხდებოდა“, - განუცხადა იან ბონდმა Europetime-ს.