რუსი ტურისტები და ტუროპერატორები საქართველოს მიმართულებით ავიაბილეთების მაღალი ფასით არიან უკმაყოფილო.
რადიო თავისუფლების ცნობით, სტატიები ამის შესახებ რუსულ მედიაში გამოქვეყნდა.
საქართველოსთან ავიამიმოსვლამ მოლოდინები არ გაამართლა, წერს "Аргументы и факты" და ამატებს, რომ თვითმფრინავები ნახევრად ცარიელი დაფრინავენ. გამოცემა ავრცელებს რუსეთის სამ ქალაქში ჩაწერილი რესპონდენტების კომენტარებსაც.
უფრო ადრე რუსეთის ტურისტული ინდუსტრიის კავშირმაც აღნიშნა, რომ ავიაბილეთების სიძვირის გამო საქართველოში მოგზაურობაზე დიდი მოთხოვნა არ არის. თუმცა, ორგანიზაციის განცხადებით, რეისების დამატება რუსეთიდან მასობრივი ტურისტული ნაკადის აღდგენისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება.
ავიაკომპანია Georgian Airways-ი რუსეთის მოქალაქეებს ევროპის მიმართულებით ტრანზიტულ რეისებს სთავაზობს. ბილეთების ფასი ამ რეისებზეც საკმაოდ მაღალია. მაგალითად, მოსკოვი-თბილისი-პარიზის და პარიზი-თბილისი-მოსკოვის რეისზე ბილეთები 1200 დოლარი ღირს. 15 ივნისიდან ავიაკომპანია სალონიკის მიმართულებით, 5 ივლისიდან კი ნიცის მიმართულებით ამატებს რეისებს.
Georgian Airways-ის დირექტორმა თამაზ გაიაშვილმა რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ უკმაყოფილოა თბილისი-მოსკოვის მიმართულებით რეისებზე მოთხოვნის ნაკლებობით.
სავიზო რეჟიმისა და ფრენების აკრძალვის გაუქმებაზე რუსეთის გადაწყვეტილებას, საქართველოს პრეზიდენტისგან მალევე მოჰყვა შეფასება, რომ ეს მორიგი რუსული პროვოკაციაა.
გადაწყვეტილებას მიესალმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი.
- 19 მაისს, რუსეთიდან საქართველოში პირველი თვითმფრინავი, აქტივისტების პროტესტის ფონზე დაეშვა
- 20 მაისიდან, თბილისიდან მოსკოვში და პირიქით, რეგულარული ავიამიმოსვლა ქართულმა კომპანია „ჯორჯიან ეარვეისმაც" დაიწყო.
29 მაისს, ევროკავშირმა რუსეთთან ფრენების აღდგენის გამო, საქართველოს დემარში გამოუცხადა. კრიტიკული განცხადებები გაკეთდა სახელმწიფო დეპარტამენტში.
ევროკავშირმა, შეერთებულმა შტატებმა, კანადამ და სხვა სახელმწიფოებმა აკრძალეს რუსული ავიაკომპანიების მათ საჰაერო სივრცეში შესვლა მას შემდეგ, რაც რუსეთმა 2022 წლის თებერვალში უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო.
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულებით, 2019 წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს ეკრძალებათ ფრენა საქართველოში, რასაც წინ უძღოდა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები. მას შემდეგ საქართველოში რუსეთიდან თვითმფრინავით ჩამოსვლა მხოლოდ სხვა ქვეყნის გავლით იყო შესაძლებელი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა.
საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან.