წლის ბოლომდე ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენით, 1,125 მილიონი ტონა ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირება იგეგმება. განაცხადა აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა პარვიზ შაჰბაზოვმა ყაზახეთის ვაჭრობისა და ინტეგრაციის მინისტრთან სერიკ ჟუმინაგარინთან შეხვედრისას. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
„აზერბაიჯანი ყოველთვიურად იღებს ყაზახეთის ნავთობით დატვირთულ 12-დან 14-მდე ტანკერს. ეს დამაკმაყოფილებელი მონაცემებია. მხარეებს შორის თავდაპირველი შეთანხმება წელს 1,5 მილიონი ტონა ნავთობის ტრანსპორტირებას ითვალისწინებდა. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ მიწოდება მიმდინარე წლის აპრილში დაიწყო, 2023 წლის ბოლომდე 1,125 მილიონი ტონა ნავთობის ტრანსპორტირებას შევძლებთ“, - განაცხადა მინისტრმა.
შაჰბაზოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს მხოლოდ პროდუქტიული თანამშრომლობის დასაწყისია და ამ მხრივ, შესაძლოა, ბაქო-სუფსის მილსადენი იყოს შესანიშნავი ალტერნატივა ყაზახური ნავთობის გადაზიდვისთვის.