ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის ასოციაცია (TITR ან შუა დერეფანი) ხსენებულ სტრუქტურაში რამდენიმე ქვეყნის შესვლის საკითხს განიხილავს. ამის შესახებ Trend-ს TITR-ის ასოციაციის გენერალურმა მდივანმა, გაიდარ აბდიკერიმოვმა განუცხადა.
მარშრუტის გეოგრაფია ფართოვდება და ამ თვეში ასოციაციაში სინგაპურის, ბულგარეთისა და ლიეტუვის გაწევრიანებას ვარაუდობენ.
„მოლაპარაკებები მიმდინარეობს ავსტრიასთან და გერმანიასთან. ეს ყველაფერი გვაძლევს საფუძველს, გავაფართოოთ ჩვენი დერეფნის გეოგრაფია", - აღნიშნა აბდიკერიმოვმა.
მანვე აღნიშნა, რომ დაახლოებით ხუთი მილიარდი ევროს ინვესტიცია განხორციელდება TITR-ის ინფრასტრუქტურისა და ეფექტიანობის გაუმჯობესებაში მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში.
ხსენებული მარშრუტის მიზანია საქონლის ტრანზიტის ხელშეწყობა ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ჩინეთი, ყაზახეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, თურქეთი, უკრაინა, პოლონეთი და რუმინეთი. ეს რვა ქვეყანა პროექტის ფარგლებში ერთად, 2017 წლიდან მუშაობს.