შუა დერეფანს სინგაპური, ბულგარეთი და ლიეტუვა უერთდებიან

ამ წლის მეორე ნახევრიდან, კიდევ სამი ქვეყანა - სინგაპური, ბულგარეთი და ლიეტუვა შეუერთდებიან ტრანსკასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტს (TITR), რომელიც ასევე ცნობილია, როგორც შუა დერეფანი. ამის შესახებ TITR ასოციაციის გენერალურმა მდივანმა, გაიდარ აბდიკერიმოვმა აზიის კონფერენციაზე, ალმათიში განაცხადა.

„მომდევნო ხუთ წელიწადში დაახლოებით, ხუთი მილიარდი ევროს ინვესტიცია განხორციელდება ინფრასტრუქტურასა და შუა დერეფანში ეფექტიანობის გაუმჯობესებაში. TITR მნიშვნელოვან როლს ასრულებს გლობალურ ბაზრებთან ცენტრალური აზიის მწარმოებლების ინტეგრაციაში“, - განაცხადა აბდიკერიმოვმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ TITR-ის ინიციატორები აზერბაიჯანი, ყაზახეთი და საქართველო იყვნენ.

„ამ მარშრუტის მიზანი საქონლის ტრანზიტის უზრუნველყოფაა ისეთი ქვეყნების მეშვეობით, როგორიცაა, ჩინეთი, ყაზახეთი, კასპიის ზღვის გავლით აზერბაიჯანი, საქართველო, თურქეთი, უკრაინა, პოლონეთი და რუმინეთი. ეს რვა ქვეყანა პროექტზე 2017 წლიდან მუშაობს. მიმდინარე წლის მეორე ნახევრიდან, მათ შეუერთდებიან სინგაპური, ბულგარეთი და ლიეტუვა. გარდა ამისა, ჩვენ ველით, რომ შემოგვიერთდებიან ავსტრია, უნგრეთი და გერმანია. ასევე ძალიან აქტიურად არიან დაინტერესებულნი ფრანგი ექსპედიტორები“, - განაცხადა აბდიკერიმოვმა.

აბდიკერიმოვმა ისიც აღნიშნა, რომ მარცვლეულის ექსპორტის ძირითადი მიმართულება TITR-ის ფარგლებში არის თურქეთი, კერძოდ, მერსინის პორტი, სადაც დიდი მარცვლეულის ბირჟაა განთავსებული. 2022 წელს, TITR-ის მიერ ტვირთის გადაზიდვის მთლიანმა მოცულობამ 1,48 მლნ ტონა შეადგინა, რაც 2,5-ჯერ, - 898 000 ტონით მეტია 2021 წელთან შედარებით.


ცნობისათვის, 7 აპრილს, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფენციაზე განაცხადა, რომ შუა დერეფანში სატარიფო პოლიტიკა უნდა იყოს საერთო.

„შუა დერეფანი აზერბაიჯანი-საქართველო, ძალიან აქტიურნი ვართ ამ დერეფანში და მომდევნო ეტაპზე ტვირთბრუნვა და ტვირთბრუნვის მოცულობა გაიზრდება და ჩვენ დამატებით ნაბიჯებს გადავდგამთ ამ მიმართულებით.

როგორც გასულ წელს, ასევე მიმდინარე წელს რამდენიმე ვიზიტი განვახორციელე ცენტრალური აზიის ქვეყნებში და მალე კვლავ მივემგზავრები. ახალი ტვირთის გატარება მოხდება შუა დერეფნით და შესანიშნავი შესაძლებლობა იქმნება ამ კონტექსტში. ყველა ადმინისტრაციული ზომა უნდა იყოს დანერგილი იმისთვის, რომ სატარიფო პოლიტიკა იყოს საერთო. ჩვენ უნდა გვქონდეს ერთიანი ხედვა და ამავდროულად მივიზიდოთ გადამზიდავები და მივიზიდოთ ახალი მოცულობები“, - აღნიშნა ალიევმა.


როგორც ცნობილია, ევროკავშირმა ცენტრალურ აზიაში მდგრადი სატრანსპორტო კავშირების შესახებ კვლევა დაიწყო. მისი მიზანი სამხრეთ კავკასიიდან აზიისკენ მდგრადი კავშირების უზრუნველსაყოფად, საუკეთესო გზების ძიებაა.  

ეს კვლევა სავარაუდოდ, 2023 წლის მაისისთვის დასრულდება.

შეგახსენებთ, ევროკავშირის თითქმის ყველა ქვეყანა დაინტერესებულია შუა დერეფნის განვითარებით. ამის შესახებ გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის აღმასრულებელმა მდივანმა ოლგა ალგაიეროვამ განაცხადა.


მისივე თქმით, აზერბაიჯანი, საქართველო, უზბეკეთი, თურქეთი და სხვა ქვეყნები მხარს უჭერენ შუა დერეფნის განვითარებას და მისი კონტროლისთვის შესაბამისი ორგანოს შექმნას.

აღსანიშნავია, რომ შუა დერეფნის ქვეყნებისთვის ერთიანი სატრანზიტო პორტალი შეიქმნა.


ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, შეერთებული შტატები დიდი ხანია, მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას და აცნობიერებს იმ მთავარ როლს, რომლის შესრულება საქართველოს შუა დერეფანში შავ ზღვაზე გასასვლელის უზრუნველყოფით შეუძლია.

აშშ მტკიცედ უჭერს მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას, რომელიც ვაშინგტონის შეფასებით, საქართველოს განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურაა. 


„ეს უდიდესი წვლილი იქნება, რადგან ცენტრალური აზიიდან ევროპაში ტვირთის ტრანზიტის შედეგად, საქართველო შუა დერეფანში თავის როლს განავითარებს“, - განუცხადა ელჩმა ექსკლუზიურად Europetime-ს.


(TITR ) ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, ჩინეთზე, ყაზახეთზე, კასპიის ზღვაზე, აზერბაიჯანზე, საქართველოსა და თურქეთზე გადის. მისი მეშვეობით, შავი ზღვის გავლით ევროპის ქვეყნებისკენ ტვირთების გატანაა შესაძლებელი.