NATO: Air Defender23-ის მკაფიო გზავნილია, რომ ალიანსი მზადაა, მოკავშირეთა ტერიტორიის ყოველი სანტიმეტრი დაიცვას

NATO გერმანიას უპრეცედენტოდ მასშტაბური წვრთნების მასპინძლობისთვის მადლობას უხდის.

„Air Defender23 მკაფიო სიგნალს გზავნის, რომ NATO მზადაა, დაიცვას მოკავშირეთა ტერიტორიის ყოველი სანტიმეტრი“, - განაცხადა ალიანსის სპიკერმა, ოანა ლუნგესკუმ და აღნიშნა, რომ „Air Defender23 აუცილებელია, რადგან ჩვენ უფრო საშიშ სამყაროში ვცხოვრობთ“.

„როდესაც ჩვენ ვხვდებით უსაფრთხოების უდიდეს კრიზისს, ჩვენ საერთო მიზანი გვაქვს, დავიცვათ ჩვენი ქვეყნები და ჩვენი ხალხები“. ამასთანავე, ეს სწავლება არის გერმანიის ერთგულების და შესაძლებლობების ძლიერი დემონსტრირება და ჩვენ მადლობას ვუხდით გერმანიას ამ რეკორდულად მასშტაბური წვრთნების მასპინძლობისთვის. Air Defender ასევე აჩვენებს ძლიერ კავშირს ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკას შორის“, - აღნიშნა ალიანსსის სპიკერმა.


NATO-ს მრავალეროვნულ წვრთნებში - Air Defender 23, რომელიც დღეს, 12 ივნისს დაიწყო, 25 ქვეყანა მონაწილეობს.

Air Defender 23 საჰაერო ძალების ყველაზე დიდი განლაგების წვრთნებია ალიანსის ისტორიაში და ის ტრანსატლანტიკურ სოლიდარობას ასახავს.

12-23 ივნისს, გერმანიის საჰაერო ძალების მეთაურობით, წვრთნებში ჩაერთვება 25 სახელმწიფოს 10 000 სამხედრო და 250 სამხედრო თვითმფრინავი.

250-მდე თვითმფრინავი, 12-დან 23 ივნისამდე 6 სამხედრო ბაზაზე განთავსდება.

მხოლოდ აშშ, ატლანტის ოკეანის გადაღმა 100 თვითმფრინავს გზავნის.