დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიამ თავისი შეფასება გამოაქვეყნა. ვენეციის კომისიის თანახმად, ეს კანონპროექტი არ უნდა იყოს მიღებული, რადგან არსებობს სერიოზული რისკები, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
ელჩის თქმით, ევროკომისია მხარს უჭერს ვენეციის კომისიის რეკომენდაციას.
პაველ ჰერჩინსკი აცხადებს, რომ დეოლიგარქიზაცია არის 12 პრიორიტეტს შორის ერთ-ერთი.
- ევროკავშირი დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტზე ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს მხარს უჭერს
- როგორც კი ევროკომისია თავისი 12 პუნქტიდან დეოლიგარქიზაციის შესახებ ჩანაწერს ამოიღებს, მაშინვე გავაუქმებთ ამ კანონს - კობახიძე
„ჩვენ, როგორც ევროკომისია, მხარს ვუჭერთ ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაციას. ვენეციის კომისია არის სტანდარტის დამდგენი, როდესაც საქმე ეხება ამგვარ კანონმდებლობას. ასე რომ, ჩვენ მოვუწოდებთ სისტემური მიდგომისკენ, სპეციალური კანონის მიღების ნაცვლად. დეოლიგარქიზაცია არის 12 პრიორიტეტს შორის ერთ-ერთი.
ეს არის პრიორიტეტი ნომერი ხუთი. ჩვენ ვთქვით, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტი და ჩვენ ველოდებით, რომ საქართველოს მთავრობა წინ წაიწევს დეოლიგარქიზაციის საკითხში.
ჩვენ არასდროს გვითქვამს, რა არის სწორი მიდგომა. ჩვენ ვთქვით, რა არის გასაკეთებელი და არა ის, როგორ უნდა გაკეთდეს. ეს იყო ქართველების გადაწყეტილება, წარმოედგინათ კანონპროექტი, ახლა ჩვენ ვიცით, რომ ვენეციის კომისიის მიხედვით, ეს არ არის სწორი მიდგომა.
ვენეციის კომისია გამოდის სისტემური მიდგომის შეთავაზებით და ამიტომ ჩვენც ვგრძნობთ, რომ სისტემურ მიდგომა არის სწორი, რაც მოიცავს ბევრ რამეს. ეს ნიშნავს სასამართლოს სისტემის რეფორმას, ეს ნიშნავს მეტ ძალისხმევას კორუფციასთან ბრძოლაში, ეს ნიშნავს მეტ გამჭვირვალობას და ანგარიშვალდებულებას.
ეს ყველაფერი კი ნიშნავს ძლიერ სახელმწიფოს, რაზეც მუშაობისთვის ჩვენ მოწადინებულები ვართ კოლეგებთან ერთად, რათა ამას მივაღწიოთ, თქვენ შეგიძლიათ, ჩვენი ძლიერი მხარდაჭერის იმედი გქონდეთ“, – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.
გასული წლის 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია იყო, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მინიჭებოდა პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე.
- უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით.
დოკუმენტში დეოლიგარქიზაციაზეც არის ჩანაწერი. კერძოდ, აღნიშნულია, რომ საქართველომ უნდა უზრუნველყოს „დეოლიგარქიზაციის" ვალდებულების შესრულება დაინტერესებული წრეების გადაჭარბებული ზეგავლენის აღმოფხვრის გზით, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაში“.
გასული წლის 24 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება გადაწყვიტა.