ეროვნული მუზეუმი განმარტავს, რატომ აღარ უჩვენებენ 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებულ ვიდეოკოლაჟს

საქართველოს ეროვნული მუზეუმი განმარტავს, რომ ოკუპაციის მუზეუმიდან 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ ვიდეოკოლაჟი ამოიღეს, რადგან ის წინა ხელისუფლების წევრების "რეკლამას წარმოადგენდა".

„გამოფენიდან 2008 წლის აგვისტოს ომის თემატიკა ამოღებული არ არის და ვერ იქნება. რაც შეეხება ერთ კონკრეტულ ვიდეოკოლაჟს, გარდაქმნას და განახლებას საჭიროებს მისი ის ნაწილი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის, ვანო მერაბიშვილისა და სხვათა პოლიტიკური საქმიანობის რეკლამას წარმოადგენდა, ასევე, განახლებას ექვემდებარება შესაბამისი აპარატურაც. მოცემული პროცესი ამჟამად მიმდინარეობს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ 2008 წლის აგვისტოში, რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული მორიგი აგრესია წარმოჩენილი იყოს არა იმ პოლიტიკოსების რეკლამისათვის, რომლებიც, წლების განმავლობაში, ადამიანის უფლებებს არღვევდნენ და ჩვენი ჯარისკაცები ბრძოლის ველზე მიატოვეს, არამედ ასახავდეს რუსეთის აგრესიისა და ოკუპაციის რეალურ ფაქტებს, ახალ თაობას აცნობდეს ქართული ჯარისა და ქართველის ხალხის გმირობის ფაქტებს და, ასევე, შეესაბამებოდეს ქართული ჯარისა და სახელმწიფოს სამართლებრივ ინტერესებს", - წერია ეროვნული მუზეუმის გავრცელებულ განცხადებაში.


მედიის ცნობით, თბილისში, საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმის ექსპოზიციაში აღარ არის 2008 წლის ომის ამსახველი კადრები, რომელიც მუზეუმის პირველ დარბაზში, პროექტორის საშუალებით უჩვენებდნენ წლების განმავლობაში.

რადიო თავისუფლება 16 ივნისს წერდა, რომ 2008 წლის ომის კადრები სულ ცოტა, 2022 წლის ოქტომბრის შემდეგ აღარაა ექსპოზიციის ნაწილი. 16 ივნისს, ოკუპაციის მუზეუმში გვითხრეს, რომ ამის მიზეზი პროექტორის დაზიანებაა. თუმცა, ვერ დააკონკრეტეს ვერც ის, როდის დაზიანდა პროექტორი და ვერც ის გვითხრეს, როდის დაბრუნდება გამოფენის ნაწილად რუსეთ-საქართველოს ომის ამსახველი დოკუმენტური მასალა.

კადრებში, რომელსაც ოკუპაციის მუზეუმში წლების განმავლობაში უჩვენებდნენ და აგვისტოს ომის ამბავს ჰყვებოდა, ჩანდა როგორც ბორჯომის ტყის ხანძრები, ასევე კონფლიქტის ზონაში განადგურებული სახლები, დაბომბილი გორი, დევნილების კოლონა და ომის მონაწილე სამხედროები.

საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი 2006 წლის 26 მაისს გაიხსნა.

მუზეუმი ერთიანებს დამოუკიდებელი საქართველოს ბოლშევიკური რუსეთის მიერ ოკუპაცია-ანექსიისა (1921 წლის თებერვალი-მარტი) და ანტისაოკუპაციო, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის (1921-1990) ისტორიის ამსახველ დოკუმენტურ მასალას.

2008 წლის ომის ამსახველი პროექცია მუზეუმის ექსპოზიციას მოგვიანებით დაემატა.