როგორც ევროკავშირი, ჩვენ მხარს ვუჭერთ დეოლიგარქიზაციის კანონის შესახებ ვენეციის კომისიის რეკომენდაციას - ჰერჩინსკი

როგორც ევროკავშირი, ჩვენ მხარს ვუჭერთ დეოლიგარქიზაციის კანონის შესახებ ვენეციის კომისიის რეკომენდაციას, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

„ვენეციის კომისიამ სხვა, სისტემური მიდგომის, რეკომენდაცია გასცა, რომელიც მთლიან გარემოცვას ეხება, გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულების ჩათვლით. და, რა თქმა უნდა, როგორც ევროკავშირი, ჩვენ მხარს ვუჭერთ ვენეციის კომისიის რეკომენდაციას. ვენეციის კომისია უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებს აწესებს და გულწრფელი იმედი მაქვს, რომ ეს ასევე იქნება ის მიდგომა, რომელსაც საქართველოს პოლიტიკური ელიტა აირჩევს, რათა მეხუთე, დეოლიგარქიზაციის შესახებ პრიორიტეტი, შეასრულონ“, - განაცხადა ჰერჩინსკიმ.

შეგახსენებთ, 17 ივნისს, გასაჯაროვდა ევროკომისიის დასკვნა, რომელშიც საქართველოსთან დაკავშირებით, დეოლიგარქიზაციაზეც არის შესაბამისი ჩანაწერი.

კერძოდ, აღნიშნულია, რომ საქართველომ უნდა უზრუნველყოს „დეოლიგარქიზაციის" ვალდებულების შესრულება დაინტერესებული წრეების გადაჭარბებული ზეგავლენის აღმოფხვრის გზით, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაში“.

17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით.

ევროკავშირის საბჭომ 23 ივნისს აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.


ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა.

ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. 

ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა.

23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.