„რესპუბლიკელები“ პარლამენტში ერთჯერადად შესვლას არ გამორიცხავენ. პარტიის ლიდერის ხათუნა სამნიძის განცხადებით, უბარიერო საარჩევნო სისტემის მხარდასაჭერად, პარლამენტში ერთჯერადად შესვლის პოზიციას რესპუბლიკელების გარდა, „ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი არმაზ ახვლედიანიც ემხრობა, რომელსაც სადეპუტატო მანდატი აქვს.
როგორც Europetime-ს ხათუნა სამნიძემ განუცხადა, რესპუბლიკური პარტია მზად არის, უბარიერო საარჩევნო სისტემას, მომავლის კანონს უყაროს კენჭი და შემდგომ უკვე ისევ ბოიკოტის რეჟიმში დარჩეს. კენჭისყრაში ერთჯერადად მონაწილეობას ის ბოიკოტის დარღვევად და პარლამენტის ლეგიტიმაციის აღიარებად არ მიიჩნევს და ამბობს, რომ „ეს, ქვეყნის მომავლისთვის კენჭისყრაში მონაწილეობაა“.
მისი შეფასებით, თუ ეს კანონპროექტი დარეგისტრირდება, ძალიან სუსტი იქნება ოპოზიციის არგუმენტები, უფრო სწორად, მათი პოზიცია არგუმენტირებული ვერ იქნება, თუ რომელიმე ამ კანონს ხმა არ მისცეს.
„თუ ეს კანონპროექტი დარეგისტრირდა, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ რომ „ქართული ოცნება“ იძულებული გახდა, წამოსულიყო ოპოზიციურ მოთხოვნებზე და მათ შორის ბოიკოტი იყო ერთ-ერთი მექანიზმი და ინსტრუმენტი ამისთვის. თუმცა ჩვენ ვაპირებთ ბოიკოტის რეჟიმში დარჩენას. უბარიერო საარჩევნო სისტემა ეს არ ოპოზიციის მხოლოდ ერთი მოთხოვნა, ოპოზიციას კი ოთხი პირობა გვქონდა. თუმცა „მოქალაქეები“ შევიდნენ პარლამენტში, „გირჩი“ ფიქრობს შესვლას. ეს არ ცვლის ვითარებას, რადგან დანარჩენი ოპოზიციური პარტიები ითხოვნდენ იმ მოთხოვნების შესრულებას, რაზეც თავიდანვე შეთანხდნენ", - განუცხადა Europetime-ს ხათუნა სამნიძემ.
ხათუნა სამნიძის განცხადებას რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ უპასუხა. „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ლელო“ და „ლეიბორისტები“ პარლამენტში ერთჯერადად შესვლას მხარს არ უჭერენ. მათი თქმით, პარლამენტში არშესვლის გადაწყვეტილებას არ გადათქვამენ, მათ შორის, არც უბარიერო საარჩევნო სისტემაზე კენჭისყრისთვის, რადგან მიაჩნიათ, რომ თუნდაც ერთჯერადად შესვლა ბოიკოტის შეწყვეტას ნიშნავს.
„რესპუბლიკელების“ განცხადებას საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პოზიციას „ბავშვური თამაშები„ უწოდა.
„იმ მემორანდუმის მიხედვით, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ პარტია „მოქალაქეებთან“ გააფორმა, ოპოზიციას საარჩევნო სისტემის ცვლილებისთვის 3%-იანი ბარიერი ხელში უჭირავს, უფრო ნაკლებისთვის კი მათგან არგუმენტებს ველით.
როდესაც მემორანდუმს ხელი მოვაწერეთ და იქ წერია ნულიდან 3%-მდე, ეს იმას ნიშნავს, რომ დღევანდელი 5% კი ბატონო, კომპრომისულ ვარიანტად შეიძლება იყოს გადახედილი და როგორც მინიმუმ, ოპოზიციას, დღეს თუ პარლამენტში შემოვა და 113 ხმა მოგროვდება საამისოდ, 3% ხელში უჭირავს, ჩემი აზრით, აქ პრობლემა არ არის, მაგრამ, სხვა შემთხვევებში, უნდა ჩამოვიდეთ 2-ზე, 1-ზე თუ საერთოდ, უბარიერო სისტემა იყოს, ამას სჭირდება არგუმენტები", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
საპასუხოდ, ხათუნა სამნიძე აცხადებს, რომ მათ ამ ინიციატივით „ქართული ოცნება“ კედელთან მიაყენეს.
„ჩვენ ვეუბნებით, რომ დაარეგისტრირე და მერე გველაპარაკე. ახლა უკვე ამბობს, ჯერ შემოდით და მერე ვილაპარაკოთ. რადგან ცდილობს ოპოზიცია პარლამენტში შეიტყუოს და მერე აღარ დაარეგისტრიროს კანონპროექტი. ჩვენ ვეუბნებით ჯერ დაარეგისტრიროს და მერე ჩენ მივცემთ ხმას ამ კანონპროექტს. კარგად იცის „ქართულმა ოცნებამ“ რომ საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის ოპოზიციის მხარდაჭერა სჭირდება. მას არ ჰყოფნის ხმები. ამიტომ უნდა გაბედოს დაარეგისტრიროს ეს კანონპროექტი. ჩვენ, რესპუბლიკელები ჩვენი ორი მანდატით მზად ვართ, რომ ამ კანონპროექტის კენჭისყრაში მივიღოთ მონაწილეობა და მომავლის კანონს ვუყაროთ კენჭი. შემდგომ უკვე ისევ ბოიკოტის რეჟიმში დავრჩებით. ჩვენ დღესაც ვრჩებით ბოიკოტის რეჟიმში. მანდატებს ვთმობთ, მაგრამ თუ ეს მანდატები დაგვიტოვა ქართულმა ოცნებამ, ეს კანონი დაარეგისტრირა ჩვენ ხმას მივცემთ“, - განუცხადა Europetime-ს რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა.
ხათუნა სამნიძის ინიციატივას არმაზ ახვლედიანმა უპასუხა.
„მე აქ დრამატულს ვერაფერს ვხედავ. ეს არ ნიშნავს ბოიკოტზე უარის თქმას“, - განუცხადა მედიას არმაზ ახვლედიანმა.
„რესპუბლიკელების“ განცხადებას უარყოფითად აფასებენ „ნაციონალურ მოძრაობაში“. პარტიის წარმოამდგენლის, ნუგზარ წიკლაურს ხათუნა სამნიძის ინიციატივა, დაუფიქრებელ განცხადებად მიაჩნია.
არმაზ ახვლედიანის გარდა, „ევროპული საქართველოს“ კიდევ ერთი წარმომადგენელი ვახტანგ კალოიანი თვლის, რომ „რესპუბლიკელების“ ინიციატივის განხილვა ღირს, მიუხედავად იმისა, რომ ბუნდოვანია.