ევროკომისია საქართველოს მიერ 12 პრიორიტეტის შესრულების შესახებ ზეპირ მოხსენებას წარადგენს

22 ივნისს, გენერალურ საქმეთა საბჭოს (GAC) არაფორმალურ შეხვედრაზე, ევროკომისია ზეპირ მოხსენებას წარადგენს საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინაში რეფორმების პროგრესთან დაკავშირებით.

GAC-ის ორდღიანი შეხვედრა 21-22 ივნისს შვედეთის ქალაქ უფსალაში ჩატარდება.


რადიო თავისუფლების წინასწარი ინფორმაციით, 12 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით, ევროკომისიის ზეპირ მოხსენებაში, რომელსაც ამ კვირაში უნდა მოუსმინონ, შემდეგი ასპექტები იქნება:

  • 12-დან სამი რეკომენდაცია სრულადაა შესრულებული;
  • საქართველომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს პოლიტიკურ დეპოლარიზაციას, სასამართლო რეფორმებს, დეოლიგარქიზაციასა და მედიის თავისუფლებას.

ზეპირი მოხსენებების წინასწარი ტექსტი თითოეული ქვეყნის შესახებ დაახლოებით 2-2 გვერდს მოიცავს. რეკომენდაციების შესრულება ფასდება 4-ელემენტიანი სისტემით:

  • „არანაირი პროგრესი“;
  • „ნაწილობრივი პროგრესი“;
  • „კარგი პროგრესი“;
  • „შესრულებული“.

ევროკომისიის მოხსენების თანახმად, საქართველომ 12 რეკომენდაციიდან:

  • 3 სრულად შეასრულა (25%);
  • 1 რეკომენდაციაზე საერთოდ არ აქვს პროგრესი (8%);
  • 8 რეკომენდაციაზე „ნაწილობრივი პროგრესი“ აქვს (67%).

უკრაინამ 7 რეკომენდაციიდან:

  • 2 სრულად შეასრულა (29%);
  • 4-ზე აქვს გარკვეული პროგრესი (57%);
  • 1-ზე აქვს კარგი პროგრესი (14%).

მოლდოვამ 9 რეკომენდაციიდან:

  • 3 სრულად შეასრულა (33%);
  • 2-ზე კარგი პროგრესი აქვს (22%);
  • 4-ზე - ნაწილობრივი პროგრესი (45%).

ზეპირი მოხსენების სამუშაო ვერსიაში საქართველოს მიერ „შესრულებულად“ ჩათვლილი 3 რეკომენდაციაა:

  1. დამოუკიდებელი სახალხო დამცველის არჩევა;
  2. გენდერული თანასწორობა;
  3. ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებების გათვალისწინება.

8 რეკომენდაცია, რომლის შესრულებაშიც საქართველოს „ნაწილობრივი პროგრესი“ აქვს:

  • დეოლიგარქიზაცია;
  • პოლიტიკური პოლარიზაცია;
  • ინსტიტუციების დამოუკიდებლობა;
  • ინკლუზიური და ეფექტური სასამართლო რეფორმა;
  • კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა;
  • ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა;
  • ადამიანის უფლებების დაცვა;
  • სამოქალაქო ორგანიზაციების მონაწილეობის უზრუნველყოფა გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

1 რეკომენდაცია, რომელზეც „არანაირი პროგრესი“ არ არის:

  1. მედიის პლურალიზმი.

ამ ნაწილში მოხსენება ხაზს უსვამს, რომ საჭიროა ჟურნალისტების უსაფრთხოების დაცვა, ჟურნალისტებისა და მედიასაშუალებების მფლობელების უფლებების დაცვის დონის ამაღლება და მაუწყებლობის შესახებ კანონის ცვლილება.


რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორის, რიკარდ იოზვიაკის თანახმად, განახლებული შეფასება ერთგვარი შუალედური მიმოხილვაა იმ დასკვნამდე, რომელსაც ევროკომისია ოქტომბრის მეორე ნახევარში წარადგენს.

„შესაბამისად, დეტალური შეფასების მოლოდინი ახლა არ უნდა შეგექმნათ. ოქტომბრის დოკუმენტი კი უკვე საფუძვლიანი იქნება და, რაც მთავარია, გადამწყვეტი რეკომენდაციებით - როგორ უნდა გაგრძელდეს ტრიოს ქვეყნებთან ევროკავშირის თანამშრომლობა. ამ რეკომენდაციებს ევროკავშირის წევრი ქვეყნები დეკემბერში ან დაამტკიცებენ, ან უარყოფენ“, - ამბობს იოზვიაკი.

ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა.

ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. 

ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა.

23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭა.