პაკისტანმა და ჩინეთმა სამშაბათს ხელი მოაწერეს 4,8 მილიარდი დოლარის ხელშეკრულებას, რომელიც 1200 მეგავატი სიმძლავრის ატომური ელექტროსადგურის მშენებლობას ითვალისწინებს, განაცხადა პრემიერ მინისტრმა, შეჰბაზ შარიფმა და მიესალმა იმ ქვეყნის ინვესტიციას, რომელსაც პაკისტანი მიიჩნევს თავის ყველაზე საიმედო მოკავშირედ, იუწყება Reuters-ი.
Chashma 5-ის პროექტზე მუშაობა დაუყოვნებლივ დაიწყება.
„ჩინეთიდან 4,8 მილიარდი დოლარის ინვესტიცია ამ პროექტში აგზავნის მესიჯს, რომ პაკისტანი არის ადგილი, სადაც ჩინური კომპანიები და ინვესტორები აგრძელებენ თავიანთი ნდობისა და რწმენის გამოხატვას“, - აღნიშნა შარიფმა.
Chashma 5 პენჯაბის ცენტრალურ პროვინციაში აშენდება.
ჩინეთის მხარდაჭერა პაკისტანს წიაღისეული საწვავზე დამოკიდებულებისგან თავის დაღწევაში დაეხმარება.
პაკისტანის ბირთვული ენერგიის წარმოების მთლიანი სიმძლავრე 1400 მეგავატამდე გაიზარდა, როდესაც ორი წლის წინ ქვეყნის მეექვსე ატომური ელექტროსადგური გაიხსნა.
ეს 1100 მეგავატი სიმძლავრის სადგური, რომელიც სამხრეთ საპორტო ქალაქ ყარაჩიში მდებარეობს, ასევე ჩინეთის დახმარებით აშენდა. შარიფმა, რომლის მთავრობაც კრიზისის თავიდან ასაცილებლად მუშაობს, ჩინელ პარტნიორებს უახლესი პროექტისთვის მადლობა გადაუხადა.
გაურკვეველია, არის თუ არა ახალი ინვესტიცია იმ 65 მილიარდი დოლარის ნაწილი, რომლის პირობაც ჩინეთმა მისი ინიციატივის - ერთი სარტყელი და გზა ფარგლებში გასცა.
ახალი პროექტის დაწყება თავდაპირველად ორიოდე წლის წინ იყო დაგეგმილი და შარიფმა მადლობა გადაუხადა ჩინურ მხარეს იმის გამო, რომ დიდი დაგვიანების მიუხედავად, ხარჯები არ შეიცვალა. ამის ნაცვლად აღნიშნა, რომ ჩინელებმა პროექტის დასაწყებად, პირველადი, 30 მილიარდი პაკისტანური რუპია (104,53 მილიონი აშშ დოლარი) გაიღეს.