ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტის ფარგლებში საბაჟო პროცედურების გამარტივებაზე შეთანხმება დამტკიცდა

აზერბაიჯანის მთავრობას, საქართველოს მთავრობასა და თურქეთის მთავრობას შორის დამტკიცდა შეთანხმება, რომელიც ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტის ფარგლებში სატრანზიტო საბაჟო პროცედურების გამარტივებაზე, პირველადი ინფორმაციის გაცვლას გულისხმობს.

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ამტკიცებს შეთანხმებას.

ინფორმაციისთვის, დოკუმენტი 2022 წლის 18 აგვისტოს, ბაქოში გაფორმდა.

რას გულისხმობს ბაქო-თბილისი-ყარსის (BTK) სარკინიგზო ხაზის ფარგლებში აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს შორის სატრანზიტო საბაჟო პროცედურების გასამარტივებლად გაფორმებული შეთანხმება, ამასთან დაკავშირებულ დეტალებზე აზერბაიჯანული მედია რამდენიმე დღის წინ წერდა.


პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის, მრეწველობისა და სამეწარმეო კომიტეტის თავმჯდომარემ თაჰირ მირკიშილმა მილი მეჯლისის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ მონაცემთა წინასწარი გაცვლის შეთანხმება მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს საქონლის შეუფერხებლად და სწრაფ საერთაშორისო ტრანსპორტირებას სახელმწიფოების ტერიტორიების გავლით. ასევე, ტვირთების გადაზიდვისას დროის შემცირებას.

„თანამშრომლობის არსი იმაში მდგომარეობს, რომ საბაჟო კონტროლზე დახარჯული დრო უნდა შემცირდეს, პროცედურები გამარტივდეს მონაცემთა გაცვლის პირველადი ელექტრონული სისტემების გამოყენებით, განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა საქონელს, რომელიც საჭიროებს სწრაფ ტრანსპორტირებას, ინსპექტირების ჩატარებას რისკის ანალიზის საფუძველზე.

მიიღებენ ერთობლივ ზომებს გარკვეულ პუნქტებზე, გაუზიარებენ ერთმანეთს რენტგენის გამოსახულებებს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ინფორმაციას ტექნოლოგიების განვითარებაზე 6 თვის განმავლობაში გაცვლიან.

„დაგეგმილია სამმხრივი თანამშრომლობის კომისიის შექმნა ყველა საკითხის მოსაგვარებლად. ხელშეკრულების დეპოზიტარი გახლავთ თურქეთი, ხელშეკრულება გაფორმებულია განუსაზღვრელი ვადით, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა დოკუმენტი თურქულ მხარეს ექნება“, - აღნიშნა მირკიშილმა.

შეთანხმების განხორციელებაზე პასუხისმგებელი ორგანოები არიან აზერბაიჯანის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტი, თურქეთის ვაჭრობის სამინისტრო და საქართველოს შესამოსავლების სამსახური. BTK-მა 2022 წელს 432,284, 2017-2022 წლებში კი, 1,347,585 ტონა ტვირთი გადაზიდა.


BTK-ის რკინიგზა ექსპლუატაციაში 2017 წლის 30 ოქტომბერს შევიდა. პროექტის ფარგლებში აშენდა ყარსი-ახალქალაქის რკინიგზა 98 კმ სიგრძის მონაკვეთი, საიდანაც 68 კმ თურქეთის მონაკვეთია, 30 კმ საქართველოზე გადის. ასევე  საქართველოში ახალქალაქი-თბილისის 183 კმ მონაკვეთის რეკონსტრუქცია განხორციელდა.

რკინიგზის მაგისტრალია ქართულ ნაწილზე სამუშაოები აზერბაიჯანმა დააფინანსა, რომელმაც საქართველოს ორი შეღავათიანი სესხი გამოუყო, ჯამში $775 მილიონი.

BTK-ის საერთო სიგრძე 826 კმ-ია. 2021 წელს ამ რკინიგზაზე ტვირთის გადაზიდვის მოცულობამ შეადგინა 476,9 ათასი ტონა (+ 2,1-ჯერ მეტი 2020 წლის მაჩვენებელზე).