NATO აკვირდება რუმინეთში F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებზე უკრაინელი მფრინავების მომზადების ბაზის განთავსების შესაძლებლობას.
ამის შესახებ გამოცემა Politico წერს. სამმა წყარომ, რომელიც იცნობს სასწავლო პროცესის დაგეგმვის საკითხებს, Politico-ს განუცხადა, რომ ალიანსის წევრი ქვეყნები ახლოს არიან უკრაინელი მფრინავების მომზადების პროგრამის დაწყებასთან და რომ მათი მომავალი მომზადების ერთ-ერთი ადგილი შეიძლება, რუმინეთში იყოს.
პენტაგონის ყოფილი და ამჟამინდელი ოფიციალური პირების განცხადებით, მიმდინარეობს მუშაობა რუმინეთში თვითმფრინავის სწავლების ჩატარების ხელშეკრულების გაფორმებაზე. მათ ასევე განმარტეს, რომ დიდი ალბათობით, Lockheed Martin, კომპანია, რომელიც აწარმოებს F-16-ებს, ამ ძალისხმევას უხელმძღვანელებს. Politico-მ ასევე მოითხოვა კომენტარი რუმინეთის თავდაცვის სამინისტროსგან, თუმცა პირდაპირი პასუხი არ მიუღია.
სამინისტრომ განაცხადა, რომ რუმინეთი მიესალმება მოკავშირეთა კოალიციის შექმნის ინიციატივას F-16-ებზე წვრთნების მიზნით და დაადასტურა, რომ რუმინეთი მჭიდროდ თანამშრომლობს NATO-ს მოკავშირეებთან, ევროკავშირის პარტნიორებთან, მის სტრატეგიულ პარტნიორებთან და უკრაინის ხელმძღვანელობასთან.