დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი, ბენ უოლესი NATO-ს გენერალური მდივნის პოსტს ვერ დაიკავებს. უოლესი პოსტისთვის ბრძოლას არ აპირებს.
Sky News-ის თანახმად, მინისტრის გადაწყვეტილებაზე გავლენა იქონია იმ ფაქტმა, რომ მის კანდიდატურას აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი მხარს არ უჭერს.
დიპლომატიური წყაროების თანახმად, NATO-ს სურს ისეთი კანდიდატი, რომელიც სახელმწიფოს ან მთავრობის მეთაურის პოზიციას იკავებდა და, სასურველია, რომ ის მდედრობითი სქესის წარმომადგენელი იყოს.
Sky News -ი წერს, რომ Brexit-ის გამო ზოგიერთი ევროპული ქვეყანა უპირატესობას ევროკავშირის წევრი ქვეყნების კანდიდატს ანიჭებს.
მედია ასევე წერდა იენს სტოლტენბერგის უფლებამოსილების ვადის გაგრძელების შესაძლებობაზე. კერძოდ, მოვლენების ამგვარ გაგრძელებას თითქოს ჯო ბაიდენი უჭერს მხარს.
თავად სტოლტენბერგი აცხადებს, რომ მას გენმდივნის თანამდებობაზე მუშაობის დასრულების გარდა, სხვა გეგმები არ აქვს.
ორი კვირის წინ, აშშ-ში რიში სუნაკის ვიზიტის დროს, მედია წერდა, რომ დიდი ბრიტანეთის პრემიერი ცდილობდა, დაერწმუნებინა აშშ-ის ლიდერი, მხარი დაეჭირა ბენ უოლესის კანდიდატურისთვის.