ყაზახეთმა მოულოდნელად განაცხადა, რომ სირიის საკითხზე მოლაპარაკებებს აღარ უმასპინძლებს

ყაზახეთმა მოულოდნელად, 21 ივნისს განაცხადა, რომ შეწყვეტს მოლაპარაკებების მასპინძლობას, რომელიც მიზნად ისახავს სირიის კონფლიქტის მოგვარებას. 

გადაწყვეტილება, რომელიც მოლაპარაკებების მე-20 რაუნდის დასრულებისას გახდა ცნობილი, მოულოდნელი იყო რუსეთისთვის და სხვა მონაწილეებისთვის, მათ შორის თურქეთისთვის, სირიისა და ირანისთვის. მოლაპარაკებების ადგილად 2017 წლიდან იქცა.

ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განმარტა, რომ მოლაპარაკებებმა შეასრულა თავიანთი მისია, მაგრამ ალექსანდრე ლავრენტიევმა, რუსეთის წარმომადგენელმა სირიაში, განაცხადა, რომ ასტანის გადაწყვეტილება სრულიად მოულოდნელი იყო. ლავრენტიევმა განაცხადა, რომ მომავალი მოლაპარაკებების ადგილის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული არ არის, მაგრამ ვარაუდობს, რომ შეხვედრები, შეიძლება, ჩატარდეს მოსკოვში, ანკარაში, თეირანში ან თუნდაც დამასკოში.


თურქეთმა, რუსეთმა და ირანმა ასტანაში ბოლო მოლაპარაკებები შეაფასეს, როგორც "კონსტრუქციული" და განაცხადეს, რომ მათ განიხილეს "თურქეთსა და სირიას შორის ურთიერთობების აღდგენის საგზაო რუკის მომზადების საკითხი".

„მოსკოვი და თეირანი მხარს უჭერდნენ ასადის მთავრობას ომში და დაეხმარნენ მის ძალებს ქვეყნის უმეტეს ნაწილზე კონტროლის აღდგენაში. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების დიდი ნაწილი უკრაინაში იბრძვის, მოსკოვმა შეინარჩუნა თავისი სამხედრო დასაყრდენი სირიაში და ასევე დაჟინებით ცდილობს, დაეხმაროს ასადს თურქეთთან და რეგიონის სხვა ქვეყნებთან გაწყვეტილი კავშირების აღდგენაში“, - წერს AP.


სამშაბათს, სირიის საგარეო საქმეთა მინისტრის თანაშემწემ, აიმან სუზანმა თქვა, რომ თურქეთმა უნდა შეიმუშაოს „მკაფიო ვადები“ სირიიდან თავისი ძალების გაყვანისთვის. მაისში არაბთა ლიგაში სირიის ხელახალი მიღების შემდეგ, თურქეთი და სირიის საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ, რომ შეიქმნება „საგზაო რუკა“ დაძაბული ურთიერთობების გასაუმჯობესებლად. ეს იყო უმაღლესი დონის კონტაქტი ორ ქვეყანას შორის მას შემდეგ, რაც 2011 წლის აჯანყება სამოქალაქო ომში გადაიზარდა. სირიის ომმა თითქმის 500 000 ადამიანი შეიწირა და იძულებით გადაადგილებულად აქცია უამრავი ადამიანი. 

ასტანის შეხვედრის დასრულებიდან რამდენიმე საათის შემდეგ, კვლავ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სირიის სამთავრობო ძალებმა დაბომბეს ოპოზიციის მიერ კონტროლირებადი ქალაქი ალეპოს პროვინცია, რის შედეგადაც დაიღუპა სულ მცირე სამი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი. ბრიტანეთში დაფუძნებულმა ადამიანის უფლებათა ობსერვატორიამ განაცხადა, რომ დაბომბვის სამიზნედ იქცა სხვა ქალაქებიც, რომლებსაც ალ-ქაიდასთან დაკავშირებული დაჯგუფება Hayat Tahrir al Sham აკონტროლებს. სირიის სახელმწიფო მედია დაბომბვის შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს.