ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ნიკა გვარამიას შეწყალების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას მიესალმა და მას საქართველოში დეპოლარიზაციისკენ გადადგმული არსებითი ნაბიჯი უწოდა.
ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს ვებგვერდზე საქართველოსთან დაკავშირებულ პრესრელიზშია ნათქვამი.
მიშელი ასევე მიესალმა პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილის მხრიდან კიდევ ერთხელ დადასტურებას, რომ საქართველო აღარ შეეცდება, უცხოური გავლენის აგენტის შესახებ კანონის მიღებას.
მისივე თანახმად, საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილება, არ მიიღოს დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი მესამე მოსმენით, პოზიტიური ნაბიჯია. პრესრელიზში ასევე ნათქვამია, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, ყურადღება კონცენტრირებული უნდა იყოს სისტემურ მიდგომაზე.
პრესრელიზში აღნიშნულია, რომ ევროპული საბჭოს შარშანდელი გადაწყვეტილება საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ, პოზიტიური იმპულსია ევროპულ გზაზე წინსვლისთვის საჭირო რეფორმებისთვის და, რომ „საქართველოს მომავალი ევროკავშირშია“.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია შეიწყალა.
ზურაბიშვილმა ეს გადაწყვეტილება ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე გამოაცხადა მას შემდეგ, რაც 19 ივნისის განჩინებით, უზენაესმა სასამართლომ ნიკა გვარამიას სარჩელი დაუშვებლად ცნო.
გადაწყვეტილებას წინ უძღვის ევროკომისიის ზეპირი მოხსენების გამოქვეყნება, რომელშიც მედიაპლურალიზმის ნაწილში შეუსრულებელ რეკომენდაციებზეა საუბარი.
პრეზიდენტის თქმით, ის არ აპირებს, გადაწყვეტილების თაობაზე ახსნა-განმარტების გაკეთებას, რადგან შეწყალება მისი დისკრეციული უფლებაა.
„დღეს მოვაწერე ხელი ნიკოლოზ გვარამიას შეწყალების აქტს. ეს გადაწყვეტილება მივიღე იმის შემდეგ, რაც 19 ივნისს ამოიწურა ყველა სამართლებრივი საფეხური, როცა უზენაესმა სასამართლომ არ მიიღო განსახილველად სარჩელი. ამ გადაწყვეტილებაზე არ ვაპირებ, რომ რამე ახსნა-განამრტება გაგიზიაროთ, რამეთუ ეს არის ჩემი დისკრეციული უფლება, რომელსაც ვიყენებ დღეს", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 2022 წლის 16 მაისს ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა, ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე.
2022 წლის 2 ნოემბერს სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამიას პატიმრობის ვადის ნაწილში გადაწყვეტილება არ შეცვალა. განაჩენი ადვოკატებმა უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრეს.