ჩვენ და მოლდოვას სამი რეკომენდაცია გვაქვს შესრულებული და ეს მიღწევაც მნიშვნელოვანია, თუ გავითვალისწინებთ გარემოს, რომელშიც პარლამენტს უწევდა მუშაობდა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„გუშინ გავიგეთ, რომ საქართველომ და მოლდოვამ სამი რეკომენდაცია უკვე შევასრულეთ, უკრაინას ჯერჯერობით 2 აქვს შესრულებული. სხვა რეკომენდაციებს რაც შეეხება, აქაც დიდი პროგრესია. კარგია, რომ პირველად იყო შესაძლებლობა, რომ შუალედური ანგარიშის მეშვეობით მოგვესმინა მოლოდინები, რომელიც ევროკომისიას აქვს ამ რეკომენდაციებთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვართ, ოქტომბრის ბოლოსთვის, როდესაც საბოლოო შეფასება იქნება, ჩვენი შემდგომი საქმიანობიდან გამომდინარე, ყველა რეკომენდაცია შესრულებულად ჩაითვლება. მნიშვნელოვანია, რომ ბოლო პერიოდში მიღებული გადაწყვეტილებები არ იყო ასახული ამ შეფასებაში - პარლამენტი ბოლო კვირებშიც ინტენსიურად მუშაობდა და რამდენიმე კანონი მივიღეთ.
ამიტომ გვექნება ბრიუსელთან დიალოგი, რომ ეს ცვლილებები და შემდგომი ნაბიჯები, რაც დაგეგმილი გვაქვს, სათანადოდ იყოს ასახული რეკომენდაციების შესრულების მხრივ. ჩვენ და მოლდოვას სამი რეკომენდაცია გვაქვს შესრულებული, უკრაინას ჯერ ორი - ეს მიღწევაც მნიშვნელოვანია, თუ გავითვალისწინებთ გარემოს, რომელშიც პარლამენტს უწევდა მუშაობდა - ოპოზიციის ბოიკოტი, ობსტრუქცია, დეზინფორმაციული კამპანიები საქართველოს წინააღმდეგ. მიუხედავად ოპოზიციისა და ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან ამ დესტრუქციისა და ობსტრუქციისა, საქართველომ შეძლო და კვლავ ლიდერ პოზიციებზეა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, 22 ივნისს, ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ განმარტა, რა ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველომ პრიორიტეტების სრულად შესასრულებლად.
ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა.
ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.
ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა.
23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.