როგორც ჩანს, დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით თავად ევროკომისიაც ჩამოყალიბდა, რომ პერსონალური მიდგომა არ არის სწორი - პაპუაშვილი

როგორც ჩანს, დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით თავად ევროკომისიაც უკვე ჩამოყალიბდა, რომ პერსონალური მიდგომა არ არის სწორი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„გუშინ, როდესაც ვისმენდით შეფასებებს, მთავარი რაც ითქვა, არის ის, რომ დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით როგორც ჩანს, თავად ევროკომისიაც უკვე ჩამოყალიბდა, რომ პერსონალური მიდგომა არ არის სწორი. ამიტომაც, ხაზი იყო გასმული მაგალითად, კონკურენციის კანონმდებლობაზე, პარტიების დაფინანსების კანონმდებლობაზე. ამით დადასტურდა ის, რაზეც ვსაუბრობდით, რომ დეოლიგარქიზაციის პუნქტი იყო ბუნდოვანი, არასათანადო და ის სისტემური მიდგომები, რაც არის, რომელიც სხვათა შორის, კომისარმა ვარჰეიმ დაასახელა, დანარჩენი საკითხები არის ისედაც იმ 12 პუნქტში – სასამართლოს, ანტიკორუფციული, ორგანიზებული დანაშაული, ფულის გათეთრების საკითხები, სხვა ნაწილებში ისედაც იყო გათვალისწინებული, ამიტომ, რაც შეეხება ამ ორ საკითხს სისტემური მიდგომიდან, კონკურენციის სამართალი, პარტიების დაფინანსების კუთხით, იქაც საუბარი იყო შესაძლო დახვეწაზე და ვნახავთ, ამ მხრივ რა არის შესაძლებელი რომ გაკეთდეს. მთავარი არის, რომ დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით გუშინ რაც იყო შეფასება, ამან აჩვენა, რომ ცალკე პუნქტად დეოლიგარქიზაციის გამოტანამ 12 რეკომენდაციაში, შექმნა ბუნდოვანება და იყო უადგილო“, – განაცხადა პაპუაშვილმა.


ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა.

ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. 

ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა.

2022 წლის 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭა.

2023 წლის 13 ივნისს საქართველოს პარლამენტმა კანონპროექტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ" მეორე მოსმენით მიიღო. საკითხის განხილვას წინ უძღოდა ვენეციის კომისიის კრიტიკული დასკვნა. ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს, უარი თქვას დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის ხსენებულ ვერსიაზე.


საპასუხოდ, „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს მიღების შემდეგ გააუქმებს, თუკი ევროკომისია ამოიღებს ამ საკითხს 12 პუნქტიდან. მისი შეფასებით, ვენეციის კომისიის დასკვნასა და ევროკომისიის მოთხოვნას შორის წინააღმდეგობაა: „ვენეციის კომისია პრობლემის სისტემური მიდგომით გადაჭრაზე საუბრობს, ევროკომისია კი - პერსონალიზებულ მიდგომაზე“.

ამის შემდეგ, ევროკავშირის წარმომადგენლობამ ვენეციის კომისიის დასკვნის მხარდამჭერი განცხადება გაავრცელა.