დავითაშვილი: შესაბამისმა სტრუქტურებმა არაერთხელ მოახდინეს ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლის მცდელობების პრევენცია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, საქართველოში პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენელთა ერთობლივი ვიზიტი შეაფასა.

მან საქართველოს მთავრობის სხდომის შემდეგ ისაუბრა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მე-11 პაკეტზე. მისი თქმით, სამი ძირითადი ჯგუფია (აშშ, დიდი ბრიტანეთი, ევროკავშირი), რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს აწესებენ და აახლებენ. დავითაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოსთვის სანქციების მოთხოვნების შესრულება მარტივი არ არის და ამიტომ შესაბამისი სტრუქტურები პრევენციის მიზნით პარტნიორებთან თანამშრომლობენ.

დავითაშვილის თქმით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და შესაბამისმა სტრუქტურებმა არაერთხელ მოახდინეს ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების გვერდის ავლის მცდელობის პრევენცია. მინისტრის თქმით, ხშირ შემთხვევაში, პირდაპირ უნდა აღინიშნოს, რომ რისკები არსებობს სანქცირებული ტვირთისთვის საქართველოს ტრანზიტის გამოყენების მცდელობების კუთხით და აქ საქართველომ ათეულობით შემთხვევაზე მოახდინა რეაგირება და პრევენცია.

„საზოგადოებაში დიდი ინტერესია ამ ვიზიტთან დაკავშირებით, ეს არის ძალიან მაღალი დონის წარმომადგენლობა, ეს არ არის მხოლოდ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ეს არის, ასევე, აშშ-დან ბატონი ო’ბრაიენის ვიზიტი და ასევე, ბრიტანეთიდან ბატონი აიერის ვიზიტი. ეს სამი ძირითადი ქვეყანათა ჯგუფია, რომელიც დღეს სანქციებს აწესებს და სანქციებს აახლებს, შესაბამისად, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან თანამშრომლობა სანქციების აღსრულების კუთხით და მეორე, სანქციებისთვის გვერდის ავლის პრევენციის კუთხით თანამშრომლობის ნაწილში.

ამ კუთხით საქართველო არის გამორჩეულად საიმედო პარტნიორი როგორც ევროკავშირისთვის, ისე აშშ-სთვის, ბრიტანეთისთვის და ამაზე ჩვენ გვაქვს რეგულარული კომუნიკაცია ჩვენს პარტნიორებთან - პირადად მე, საბაჟო სტრუქტურის წარმომადგენლებს, ფინანსთა სამინისტროს და ა.შ. ჩვენ, ფინანსთა სამინისტრომ და შესაბამისმა სტრუქტურებმა, არაერთი პრევენცია მოახდინეს, მათ შორის, ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლის მცდელობების.

ჩვენ არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ სანქციების შესრულება არის მარტივი პროცესი იგივე სანქციების დამწესებელი ქვეყნებისთვის. ხშირ შემთხვევაში, პირდაპირ უნდა აღინიშნოს, რომ რისკები არსებობს, მათ შორის, ამ ქვეყნებიდან სანქცირებული ტვირთისთვის საქართველოს ტრანზიტის გამოყენების მცდელობების კუთხით და აქ საქართველომ ათეულობით შემთხვევაზე მოახდინა რეაგირება და პრევენცია. ასევე, მესამე ქვეყნებიდან ხდება ხოლმე სანქცირებული ტვირთების შესაძლო გაგზავნა სანქცირებულ ქვეყანაში და აქაც, საქართველო პარტნიორ ქვეყნებთან მჭიდროდ თანამშრომლობს ამ ინფორმაციის ურთიერთ გაცვლის კუთხით, ასევე, იმისთვის, რომ სანქციები იყოს სწორად აღსრულებული.

ჩვენ გვაქვს არაერთი ტრენინგი, შეხვედრა და სემინარი იმისთვის, რომ სწორად მოხდეს ინტერპრეტაცია, იმიტომ, რომ ხშირ შემთხვევაში, არ არის ცალსახა და ერთმნიშვნელოვანი, ამას სჭირდება სწორი გაიდლაინები და მათი სწორად მიტანა აღმასრულებელ ოფიცრებამდე. ამ კუთხით, ჩვენ გვაქვს თანამშრომლობის ძალიან ბევრი ფორმატი და ზუსტად ამ საკითხებზე იქნება საუბარი. ჩვენს პარტნიორებთან ერთად შევაჯამებთ სანქციების დაწესებიდან დღემდე გავლილ სამუშაოს", - განაცხადა დავითაშვილმა.


დავითაშვილის თქმით, საქართველო ალბათ, მიიღებს კიდევ ერთხელ მხარდაჭერას პარტნიორების მხრიდან, იმ ნაწილში, თუ როგორ მაღალ დონეზე და მაღალი პროფესიონალიზმით უჭერენ ქართული სტრუქტურები მხარს სანქციების აღსრულების ნაწილში.

დღეს, 26 ივნისს სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი დევიდ ო’სალივანი ორდღიანი ვიზიტით თბილისს ეწვია. 

ევროკავშირის წარმომადგენლობის ცნობით, საქართველოს ხელისუფლებასთან განიხილავს საერთო ინტერესების სფეროში შემავალ საკითხებს, კერძოდ, სანქციებსა და მათ ეფექტიან განხორციელებას.

ეს იქნება ერთობლივი ვიზიტი, რომელშიც ასევე მონაწილეობენ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელი, ელჩი ჯიმ ო’ბრაიენი და გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის გენერალური დირექტორი ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში, კუმარ აიერი.

ვიზიტებს წინ უძღვის ევროკავშირი მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 პაკეტის დამტკიცება. 

უახლესი პაკეტის მიხედვით, ევროკავშირი გააფართოებს თანამშრომლობას მესამე ქვეყნებთან, სანქციების გვერდის აცილების კუთხით.