ელჩის თქმით, ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე საქართველოს შეუძლია, საფრანგეთის იმედი ჰქონდეს

„ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერიდან ცხრა წელი შესრულდა. ამასთან დაკავშირებით, ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებას ეხმაურება საფრანგეთის ელჩი, შერაზ გასრი და აღნიშნავს, რომ საქართველოს შეუძლია, საფრანგეთის იმედი ჰქონდეს.

„ევროკავშირისკენ მიმავალ გამოწვევბით სავსე, თუმცა სასარგებლო გზაზე წინსვლისთვის, საქართველოს შეუძლია, საფრანგეთის მხარდაჭერის იმედი ჰქონდე“, - წერს ელჩი Twitter-ზე. 


თავის მხრივ, ევროკავშირის განცხადებაში აღნიშნულია, რომ რეფორმები, რომლებიც ასოცირების შეთანხმებას ეფუძნება, მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოსთვის, ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი გახდეს

„დღეს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერიდან ცხრა წელი შესრულდა. ასოცირების შეთანხმება არის ეტაპი, რომელიც აძლიერებს კავშირს პარტნიორებს შორის. რეფორმები, რომლებიც აღნიშნულ შეთანხმებას ეფუძნება, მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოსთვის, გახდეს ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი. ვულოცავთ საქართველოს ამ განსაკუთრებულ დღეს“, - წერს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა.


2014 წლის 27 ივნისს ხელი მოეწერა „ერთი მხრივ, საქართველოსა და მეორეს მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებას“, რომელიც საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებულია 2014 წლის 18 ივლისს.

2016 წლის პირველი ივლისს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმება, მისი 431-ე მუხლის თანახმად, ძალაში შევიდა მას შემდეგ რაც 23 მაისს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება რატიფიკაციის პროცედურების დასრულების თაობაზე. რატიფიკაციის საკმაოდ შრომატევადი პროცესი, ორ წელზე ნაკლები გაგრძელდა და მასში მონაწილეობდნენ ევროპარლამენტი, ევროკავშირის 28 წევრი ქვეყნისა და საქართველოს საკანონმდებლო ორგანოები.

პირველი ივლისი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თარიღია საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების ისტორიაში, ვინაიდან ასოცირების შეთანხმება უკვე ოფიციალურად გახდა ევროკავშირთან სრულიად ახალი, მაღალი დონის თანამშრომლობის განმსაზღვრელი ძირითადი სამართლებრივი ჩარჩო.

ამ დღიდან ოფიციალურად ამოქმედდა ხელშეკრულების ყველა დებულება და საქართველოს პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესი, რომელიც ევროპული პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური, სოციალური და სამართლებრივი სტანდარტების დანერგვას გულისხმობს.


ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა.

ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. 

ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა.

2022 წლის 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭა.

2023 წლის 13 ივნისს საქართველოს პარლამენტმა კანონპროექტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ" მეორე მოსმენით მიიღო. საკითხის განხილვას წინ უძღოდა ვენეციის კომისიის კრიტიკული დასკვნა. ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს, უარი თქვას დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის ხსენებულ ვერსიაზე.


საპასუხოდ, „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს მიღების შემდეგ გააუქმებს, თუკი ევროკომისია ამოიღებს ამ საკითხს 12 პუნქტიდან. მისი შეფასებით, ვენეციის კომისიის დასკვნასა და ევროკომისიის მოთხოვნას შორის წინააღმდეგობაა: „ვენეციის კომისია პრობლემის სისტემური მიდგომით გადაჭრაზე საუბრობს, ევროკომისია კი - პერსონალიზებულ მიდგომაზე“.

ამის შემდეგ, ევროკავშირის წარმომადგენლობამ ვენეციის კომისიის დასკვნის მხარდამჭერი განცხადება გაავრცელა.

22 ივნისს, ევროკომისიის ზეპირი მოხსენება ოფიციალურად გახდა ცნობილი. ევროკომისარმა განმარტა, რა ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველომ პრიორიტეტების სრულად შესასრულებლად.