საქართველოს პარლამენტმა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის მოსამსახურეების NATO-ს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მონაწილეობისას საბერძნეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდებზე განთავსებასთან დაკავშირებით“ უწყებათაშორისი საერთაშორისო შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა.
შსს-ს თანახმად, შეთანხმება წარმოადგენს ოპერაციაში „ზღვის მცველი“ სანაპირო დაცვის კანონაღსრულების ტაქტიკური ქვედანაყოფების ჩართულობის და საბერძნეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდებზე განთავსების წინაპირობას, რაც ამავდროულად, NATO-ს საზღვაო კომპონენტებთან ურთიერთთავსებადობის ამაღლებისა და ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებაში საქართველოს ღირსეული წვლილის შეტანას ემსახურება.
„სანაპირო დაცვის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფებმა წარმატებით გაიარეს NATO-ს შეფასების ოთხწლიანი პროგრამა, რის შედეგადაც ალიანსმა საქართველოს NATO-ს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციის - ,,ზღვის მცველის“ ოპერაციული პარტნიორის სტატუსი მიანიჭა.
NATO-ს არაწევრი ქვეყნებიდან საქართველო პირველი ქვეყანაა, რომელსაც შესაბამისი ქვედანაყოფების მიერ სათანადო სერტიფიცირების დასრულების შედეგად აღნიშნული სტატუსი მიენიჭა.
საბერძნეთი იყო პირველი სახელმწიფო რომელმაც, მზაობა გამოთქვა NATO-ს ოპერაციის ფარგლებში, საკუთარი საზღვაო ძალების ხომალდებზე საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ტაქტიკური ქვედანაყოფი განეთავსებინა.
მიმდინარე წელს, 16 სექტემბრიდან 29 სექტემბრამდე, სანაპირო დაცვის 12 მოსამსახურის შემადგენლობით, დაგეგმილია NATO-ს ოპერაციაში ,,ზღვის მცველი“ მონაწილეობა“, - აცხადებს შსს.
„ზღვის მცველი“ წარმოადგენს, NATO-ს ეგიდით მოქმედ, დღეისათვის, ერთადერთ ოპერაციას, რომლის მთავარი ამოცანაა ტერორიზმთან ბრძოლა, თავისუფალი მიმოსვლის ხელშეწყობა, საზღვაო უსაფრთხოების შესაძლებლობების გაზრდა, უკანონო ეკონომიკური საქმიანობის აღკვეთა და საოპერაციო არეალში არსებული საზღვაო ვითარების შესახებ ცნობიერების ამაღლება.