თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტმა NATO-ს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში ქართული კონტინგენტის მონაწილეობას მხარი დაუჭირა

თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტმა NATO-ს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში ქართული კონტინგენტის მონაწილეობის შესახებ შეთანხმებას მხარი დაუჭირა

კომიტეტს, რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი ტექნიკური შეთანხმების დოკუმენტი შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა, ლანა ცანავამ წარუდგინა.

პარლამენტის პრესსამსახურის თანახმად, მან დეტალურად ისაუბრა პროექტზე - „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საბერძნეთის რესპუბლიკის ეროვნულ თავდაცვის სამინისტროს შორის საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის მოსამსახურეების NATO-ს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მონაწილეობისას საბერძნეთის საზღვაო ძალების ხომალდებზე განთავსებასთან დაკავშირებით“.


დოკუმენტის თანახმად, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის მოსამსახურეებს საშუალება მიეცემათ, განთავსდნენ საბერძნეთის საზღვაო ძალების იმ ხომალდებზე, რომლებიც NATO-ს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში - „ზღვის მცველი“ მიიღებენ მონაწილეობას. ოპერაციის მთავარ მიზანს ზღვაზე ტერორიზმთან ბრძოლა, თავისუფალი მიმოსვლის ხელშეწყობა, უკანონო ეკონომიკური საქმიანობის აღკვეთა და საოპერაციო არეალში არსებული საზღვაო ვითარების შესახებ ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს.

კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას შეფასებით, წარმოდგენილი შეთანხმება მნიშვნელოვან დოკუმენტს წარმოადგენს, რაც საქართველოს სანაპირო დაცვის მოსამსახურეებს NATO-ს სტანდარტებთან დაახლოებაში ხელს შეუწყობს. მისივე თქმით, საქართველო, როგორც მაღალი პასუხისმგებლობის მქონე მოკავშირე, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან მჭიდრო თანამშრომლობას აგრძელებს და NATO-ს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში მონაწილეობა ამის ნათელ მაგალითს წარმოადგენს.


NATO-ს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაცია „ზღვის მცველი“ (MSO SEA GUARDIAN) 2016 წლის ნოემბერში ამოქმედდა და 2001-2016 წლებში მიმდინარე NATO-ს მე-5 მუხლის ქვეშ მოქმედი საზღვაო ოპერაცია - „აქტიური ძალისხმევა“ (Operation Active Endeavor) ჩაანაცვლა.