ზელენსკი საქართველოს ელჩს 48 საათში ქვეყნის დატოვებას სთავაზობს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საგარეო უწყებას დაავალა, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტის, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის გამო საქართველოს ელჩი დაიბაროს, მას მკაცრი პროტესტი გამოუცხადონ და შესთავაზონ 48 საათში ქვეყნის დატოვება. ამის შესახებ ზელენსკის Twitter-ზე წერს.

„სწორედ ახლა რუსეთი საქართველოს ხელისუფლების ხელით კლავს უკრაინის მოქალაქე მიხაილო სააკაშვილს. ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ ოფიციალურ თბილისს, შეეწყვიტა ეს შეურაცხყოფა და შეთანხმებულიყო სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებაზე. ჩვენმა პარტნიორებმა, უკრაინასთან კოორდინაციით, ასევე შემოგვთავაზეს სამაშველო ვარიანტები.

დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროს დავავალე, გამოიძახოს საქართველოს ელჩი უკრაინაში, გამოვხატოთ ჩვენი მკაცრი პროტესტი და ვთხოვო მას, 48 საათის განმავლობაში დატოვოს უკრაინა, რათა კონსულტაციები გამართოს დედაქალაქთან.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი გადასცეს უკრაინას საჭირო მკურნალობისთვის. და მე მოვუწოდებ ჩვენს პარტნიორებს, მოაგვარონ ეს სიტუაცია, არ მოახდინონ ამ საკითხის იგნორირება და გადაარჩინონ ეს ადამიანი. ევროპაში არცერთ მთავრობას არ აქვს უფლება სიკვდილით დასჯის, სიცოცხლე არის ძირითადი ევროპული ღირებულება," -  წერს უკრაინის პრეზიდენტი.


მანამდე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უწყებაში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის დაბარებასთან დაკავშირებით ინფორმაცია გაავრცელა.

სამინისტროს თანახმად, შეხვედრაზე უკრაინის ხელისუფლების მიერ ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის” სანქციების სიაში შეყვანის გამო შეშფოთება გამოიხატა, რომელიც ქართული მხარის შეფასებით, საფუძველს მოკლებულია.

საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ უკრაინულ მხარეს აღნიშნულ საკითხზე განმარტებები ეთხოვა.


„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში უკრაინის საელჩოს წარმომადგენელთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის მიზანს უკრაინის ხელისუფლების მიერ ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის” სანქციების სიაში შეყვანის საკითხი წარმოადგენდა. შეხვედრაზე გამოიხატა შეშფოთება აღნიშნული გადაწყვეტილების გამო, რომელიც ქართული მხარის შეფასებით, საფუძველს მოკლებულია.

უკრაინულ მხარეს აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტებები ეთხოვა.

ქართული ავიაკომპანიის დასანქცირების გამო შეშფოთება კიევში საქართველოს ელჩმაც დააფიქსირა,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში


ამავე თემაზე: