„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით ანგარიში წარადგინა, რის შემდეგაც მედიის შეკითხვებს პასუხობს.
ირაკლი კობახიძის თქმით, მმართველმა გუნდმა ევროკომისიის მიერ განსაზრული პრიორიტეტები პრინციპულად შეასრულა და საბაბიც კი არ არსებობს, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭოს. მისივე თანახმად, ევროკავშირის გადაწყვეტილება ფაქტებზე თუ იქნება დაფუძნებული, საქართველოს კანდიდატის სტატუსი აუცილებლად ეკუთვნის.
„ხშირად ციფრებით ადვილად ხდება ხოლმე მანიპულირება. რეალურად, შინაარსს თუ ჩავუღრმავდებით, ძალიან კარგად ჩანს, რომ ჩვენ პრიორიტეტები პრინციპულად შევასრულეთ. შესაბამისად, ჩვენ შარშანაც ვიყავით მზად იმისთვის, რომ მოგვნიჭებოდა კანდიდატის სტატუსი, თუმცა ამ შემთხვევაში, საერთოდ არავითარი საბაბიც კი არ არსებობს იმისა, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭოს.
რა თქმა უნდა, დეკემბერში მიღებული იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება და პოლიტიკური გადაწყვეტილების დროს წინასწარ არასდროს იცი, როგორი იქნება მისი შინაარსი, მაგრამ თუ საუბარია ფაქტებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებაზე, ამ შემთხვევაში, ჩვენი აზრია, რომ საქართველოს აუცილებლად ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
„ქართული ოცნების“ ლიდერის თქმით, მოთხოვნა, რომ 12 პრიორიტეტი 100%-ით უნდა შესრულდეს, რათა საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს, არავის დაუყენებია.
„მინდა შეგახსენოთ, რომ 12-ვე პუნქტის სრულ შესრულებას არც კი მოითხოვს კანდიდატის სტატუსის მინიჭება. უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი უკვე მიენიჭა შარშან, მათაც ასეთივე პუნქტები დაუდგინეს და თქვეს, რომ დაახლოებით 75% იყო პუნქტების შეუსრულებლობა, მაგრამ მათ უკვე მინიჭებული აქვთ.
ასეთი მოთხოვნა, რომ 12 პრიორიტეტი 100%-ით უნდა შესრულდეს, რათა საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს, არავის დაუყენებია, ამის მიუხედავად, მაქსიმალურად დეტალურად გავყევით 12-ვე პუნქტს. ჩვენი ამოცანა იყო, რომ მაქსიმალური საფუძველი შეგვექმნა კანდიდატის სტატუსის მონიჭებისთვის, მაგრამ გადაწყვეტილება იქნება პოლიტიკური. რისკი შემდეგია - 27 ქვეყანაა და 27-ვემ სრული კონსენსუსით უნდა მიიღოს ეს გადაწყვეტილება.
საკმარისია ერთი ქვეყანა დადგეს განზე, რომ ჩვენ კანდიდატის სტატუსი არ მოგვენიჭება. პოლიტიკური რისკები საკმაოდ მაღალია. იმედი დავიტოვოთ, რომ შარშანდელი ივნისისგან განსხვავებით, წელს სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.