სამიტამდე ერთი კვირით ადრე, მირჩა ჯოანამ მოლდოვის პარლამენტის თავმჯდომარეს NATO-ს შტაბ-ბინაში უმასპინძლა

NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილემ, მირჩა ჯოანამ მოლდოვის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე, იგორ გროსუ, NATO-ს შტაბ-ბინაში მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას ალიანსის პრესსამსახური ავრცელებს.


მირჩა ჯოანა მიესალმა NATO-სა და მოლდოვას შორის პარტნიორობის გაღრმავებას, მისი კონსტიტუციური ნეიტრალიტეტის სრული პატივისცემით და განაცხადა, რომ ალიანსი გააგრძელებს მოლდოვის მხარდაჭერას ისეთ სფეროებში, როგორიცაა მედეგობა, თავდაცვისა და უსაფრთხოების ინსტიტუტების მშენებლობა, დეზინფორმაციასთან ბრძოლა და კიბერთავდაცვა.

ის ასევე მიესალმა NATO-სა და მოლდოვას შორის გაძლიერებულ პოლიტიკურ დიალოგს და აღნიშნა, რომ მოუთმენლად ელის საგარეო საქმეთა მინისტრ პოპესკუს მომავალ კვირას, ვილნიუსში, NATO-ს სამიტზე.

გენერალური მდივნის მოადგილემ ასევე ხაზი გაუსვა NATO-ს მოკავშირეების მტკიცე მხარდაჭერას მოლდოვის ევროპული ინტეგრაციისადმი და მას უწოდა „ნათელი და აყვავებული მომავლის გასაღები."